საბანკო სექტორი

კომერციულ ბანკებს შესაძლოა არაპროფილური ბიზნესების ფლობა აეკრძალოთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოში მოქმედ დეველოპერებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს კერძო ბანკებისათვის არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვის შესაძლო ვარიანტები. კერძოდ, რა შეზღუდვები უნდა დაუწესდეს კომერციული ბანკის მფლობელობაში არსებულ დეველოპერულ კომპანიას, რათა ბაზარზე არ იყოს არაკეთილსინდისიერი კონკურენცია.

დეველოპერებს მიაჩნიათ, რომ ბანკების კუთვნილი დეველოპერული კომპანიები არაკეთილსინდისიერი ხერხებით ცდილობენ ბაზარზე დომინანტური პოზიციის მოპოვებას.

თავის მხრივ, ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ კერძო ბანკების საკუთრებაში არსებული არაპროფილური ბიზნესების საბაზრო წილი იმდენად მცირეა, რომ უმჯობესი იქნება დეველოპერულ ბიზნესში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევები სათითაოდ განიხილონ და არ დაწესდეს საყოველთოდ ამკრძალავი რეგულაცია.

კომერციული ბანკების არაპროფილურ საქმიანობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული პროექტის დეტალები ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი. განიხილება ბანკებისათვის არაპროფილური საქმიანობის სრული აკრძალვაც. ამასთანავე, გაუქმდება ნორმატიული აქტი, რომელიც ბანკებს ნებას რთავს სხვადასხვა კომპანიებში ფლობდნენ წილს. 

კომენტარები