საბანკო სექტორი

იანვარში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 11%-ით გაიზარდა

REUTERS | Associated Press

2016 წლის იანვარში, საბანკო დაწესებულებებში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 37.6 მილიონი ლარით, ანუ 11%-ით გაიზარდა და 329.7 მილიონ ლარს გაუტოლდა. შედეგად კი, მათმა წილმა მთლიან სესხებში 2%-ს მიაღწია. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის ზრდის შესახებ ეროვნული ბანკის ყოველთვიური ანგარიშიდან გახდა ცნობილი. 

ვადაგადაცილებული სესხების 65% უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, ვაგადაცილების მოცულობის ზრდა სავარაუდოდ იანვარში ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირდება. ეროვნული ბანკის ცნობით, იანვარში სესხებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 16.8%-მდე გაიზარდა. აქედან უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო განაკვეთი 10.5%-ია, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საშუალო წლიური განაკვეთი კი 22%. 

იანვარში სესხები განსაკუთრებით ფიზიკურ პირებს გაუძვირდათ. ლარში გაცემულ სესხებზე იანვარში საშუალო წლიური განაკვეთი ფიზიკურ პირებს 2%-ით გაუძვირდათ და მათთვის სესხის ღირებულებამ 26.6% შეადგინა. იურიდიული პირებისთვის კი საპროცენტო განაკვეთი 0.2%-ით გაიზარდა და ის 14%-ს გაუტოლდა.

უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხის საპროცენტო განაკვეთი 0.2%-ით გაიზარდა და 10.3% შეადგინა, ფიზიკური პირების შემთხვევაში კი, სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4% ით გაიზარდა და მან წლიური 11% შეადგინა.

ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკას ეროვნული ბანკი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ქართული ფილიალების მიერ მიწოდებული ყოველთვიური ანგარიშების შედეგად ადგენს. ვადაგადაცილებული სესხები კი არის კლიენტებზე გაცემული სესხებით ვადაგადაცილებული დავალიანების თანხები, რომლებიც არ არის დაფარული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

კომენტარები