რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

ნულანდი: რუსეთზეა დამოკიდებული, როდის გაუქმდება სანქციები

cfnews13.com

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი შეიძლება გააუქმოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმება შესრულდება. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

“რუსეთმა თავისი როლი უნდა შეასრულოს - გაიყვანოს სამხედრო ძალები და მძიმე ტექნიკა, აღადგინოს უკრაინის სუვერენიტეტი მსოფლიოში აღიარებულ საზღვრებში და დააბრუნოს ტყვეები. როდესაც მინსკის შეთანხმება ბოლომდე შესრულდება, ჩვენ შეგვიძლია და დავიწყებთ სანქციების უკან წაღებას. რუსეთზეა დამოკიდებული, როდის დადგება ეს დღე”, - წერს ნულანდი.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, დასავლეთმა სოლიდარობა უნდა გამოიჩინოს უკრაინის მიმართ, ვინაიდან მათ საკუთარი ისტორია აჩვენებთ, რომ პასუხგაუცემელმა აგრესიამ საკმაოდ მძიმე შედეგი შეიძლება გამოიღოს.

“დღეს ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა უკრაინისა და ტრანსატლანტიკური ერთობისადმი. სანქციების იმპლემენტაცია არ არის მარტივი. ბევრი ქვეყანა, რომელიც მსგავს ნაბიჯს გადადგამს, ამისთვის გარკვეულ ფასს გადაიხდის. თუმცა, ისტორია გვაჩვენებს, რომ უმოქმედობის და უთანხმოების ფასი მიზანმიმართული აგრესიის დროს უფრო მაღალია. ამას ცენტრალური ევროპის ისტორია გვასწავლის. ასე რომ, როდესაც ლიდერები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებიც არღვევს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებებს, ვთხოვ, რომ გაიხსენონ თავიანთი ქვეყნის ისტორია და ის, თუ როგორ სურდათ, რომ მათი მეზობლები მათ გვერდით დამდგარიყვნენ”, - წერს ნულანდი.

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი უკრაინამ, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკამ და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკამ 5 სექტემბერს, მინსკში მოაწერეს. 

კომენტარები