თბილისის საკრებულო

ენმ: საკრებულო კანცელარიის და შსს-ს კეთილმოწყობისთვის 2 მლნ-ზე მეტს ხარჯავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერს და ქართული ოცნების გუნდს მოუწოდებს, მოეშვან "მხოლოდ მათი და მათი გუნდის კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნვას" და დაიწყონ დაპირებების შესრულებასა და ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა. როგორც საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის ბიუჯეტს მათ მხარი არ დაუჭირეს, რადგან საკრებულომ უმცირესობის ინიციატივები არ გაითვალისწინა. ამასთან, ენმ აცხადებს, რომ თბილისის საკრებულო ორ მილიონ ლარზე მეტს კანცელარიის და შსს-ს შენობების კეთილმოწყობისა და გარეგანათებისთვის გამოყოფს. საკრებულოს უმცირესობა აღნიშნავს, რომ ეს თანხა საკმარისი იქნებოდა მათი ერთ-ერთი ინიციატივის დასაფინანსებლად.

"12 მილიონი ლარით სეკვესტრირებულ და 30 მილიონი ლარით სესხით დატვირთულ ბიუჯეტს, რომლის შედეგად არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი (ავარიული კორპუსების გამაგრება, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ადამიანების დახმარება, მედიათეკების, საბავშვო ბაგა-ბაღების, მრავალსართულიანი ავტოპარკინგის მშენებლობა და სხვა) გაჩერდა, არ დაუჭირა მხარი ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. მიუხედავად ბევრი შენიშვნისა, ჩვენმა ფრაქციამ საკრებულოს, შესაბამისი ფინანსური დასაბუთებით და წყაროების მითითებით, ორი კონკრეტული ინიციატივით მიმართა: გაეზარდათ სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალური ვაუჩერების დაფინანსება (ისე როგორც ამას წინასაარჩევნოდ ბატონი დავით ნარმანია ჰპირდებოდა ამომრჩევლებს) და პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის და სტუდენტებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი გამხდარიყო უფასო. თუმცა ქართულმა ოცნებამ ამ ინიციატივების მხარდაჭერის ნაცვლად არჩია გაეზარდა კონცერტებისა და ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების დაფინანსება, მათ შორის, 1 200 000 ლარი გამოყო კანცელარიის ტერიტორიის კეთილმოწყობის მხოლოდ პროექტირებისთვის და პრემიერმინისტრისთვის და ცენტრალური მთავრობის წევრების კომფორტის შექმნისათვის. 

ეს ყველაფერი არ იკმარეს და გუშინ მერიამ საკრებულოში წარმოადგინა პროექტები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს დამატებით მილიონამდე ლარის გამოყოფა იგივე კანცელარიის (წარმოდგენილი სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა - 450 000 ლარი) და გულუას ქ.10–ში მდებარე შს სამინისტროს შენობის (წარმოდგენილი სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა - 460 000 ლარი) გარე განათება–მინათებისათვის. 

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ მხოლოდ აღნიშნული თანხები სრულიად საკმარისი იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ინიციატივის დასაფინანსებლად, რომელიც ვფიქრობთ, ბევრად სასარგებლო იქნებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ქალაქის მერს და მის გუნდს, მოეშვან მხოლოდ მათი და მათი გუნდის კომფორტზე და კეთილდღეობაზე ზრუნვას და დაიწყონ მათი დაპირებების შესრულებასა და ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა", - აცხადებს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

კომენტარები