ISIS

აშშ-მა და მოკავშირეებმა სირიაში ისლამისტების პოზიციები დაბომბეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ სირიის ტერიტორიაზე საავიაციო დარტყმა განახორციელეს.

პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, იერიშში გამანადგურებლები, ბომბდამშენები და ტომაჰავკის ტიპის რაკეტები გამოიყენეს. როიტერის ცნობით, შეერთებული შტატების პარტნიორები ამ ოპერაციაში ყატარი, ბაჰრეინი, იორდანია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები არიან.

იერიშები ისლამური სახელმწიფოს ცენტრზე - სირიის ქალაქ რაკაზე განხორციელდა. სირიის მთავრობის განცხადებით, დარტყმების შესახებ ის წინასწარ გაფრთხილეს. 

ცნობისთვის, სირიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ სირიის მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობის გარეშე სირიის ტერიტორიაზე რაიმე სახის ინტერვენცია აღქმული იქნება, როგორც აგრესიის აქტი. ამ საკითხს მოსკოვშიც გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის თქმით, სირიაში ექსტრემისტი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატის გარეშე აგრესიის აქტად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევად განიხილება.

კომენტარები