მიხეილ სააკაშვილის საქმე

ენმ: ხელისუფლებას სურს, მძევლად დაიტოვოს სააკაშვილის ოჯახის წევრების ქონება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას "ბოლშევიკურ მეთოდებს" და "პრიმიტიულ შურისძიებას" უწოდებს. როგორც ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, "ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრთა ქონებას არავითარი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან". მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, "მძევლად აიღოს პრეზიდენტის ოჯახის წევრების ქონება".

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, "ნურავინ ნუ იოცნებებს, რომ ამ ფინანსური ინსტრუმენტებით, რაღაც სანქციებით, ასეთი უკანონო ქმედებებით მოახერხებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობის შეზღუდვას". მისი შეფასებით, "ხელისუფლება, რომელსაც აღარ აქვს პოლიტიკური ინსტრუმენტები, ცდილობს, ამ ბერკეტებით, უკანონო ქმედებებით, ზემოქმედება მოახდინოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, რაც სრულიად დაუშვებელია".

სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის - სანდრა რულოვსის, ასევე, დედის და ბებიის ქონება დააყადაღა. ადვოკატ ოთარ კახიძის თქმით, სასამართლოს განჩინებაში წერია, რომ დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია. აგრეთვე ყვარლის სახლი, საცხოვრებელი ფართით -75კვ.მ, ბებიის საკუთრებაში მყოფი 500 კვ.მ სოფელ ნატანებში და ტოიოტას ფირმის მანქანა, სანდრა რულოვსის საკუთრებაში მყოფი ბინა და მანსარდა ბარნოვის ქუჩაზე.

კახიძე მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს პრიმიტიულ შურისძიებას სააკაშვილის ოჯახის მიმართ.

"განჩინებაში წერია - "სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადების შუამდგომლობის მითითებულ ნაწილში დაკმაყოფილების როგორც საფუძვლები, ასევე მიზანი, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს". მაგრამ რა არის ეს მიზანი და რა არის საფუძველი, განჩინებაში არ წერია. მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება ქონების გაფლანგვაში და არა მითვისებაში. არანაირი კავშირი დანაშაულსა და დაყადაღებულ ქონებას შორის ფიზიკურად, უბრალოდ, არ არსებობს. ან ქონება უნდა იყოს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ან ამ ქონების მიმართ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაული, შემდეგ უნდა მოხდეს ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება. უნდა დასაბუთდეს, რატომ ხდება ეს. არანაირი დასაბუთება განჩინებაში არ წერია. ადგილი აქვს პრიმიტიულ შურისძიებას სააკაშვილის ოჯახის მიმართ", - ამბობს კახიძე.

კახიძის თქმით, სასამართლოს განჩინება ვეღარ გასაჩივრდება. "სააპელაციომ დააყადაღა და თქვა, აღარ საჩივრდებაო", - ამბობს კახიძე.

ადვოკატი აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს - "თუ სისხლის სამართლის კოდექსი ასე განმარტავს, უკვე აზრი ეკარგება კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას, მივმართავთ სასამართლოს, რამდენად კონსტიტუციურია ეს მუხლი".

ოთარ კახიძემ, შესაძლოა, ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოსაც მიმართოს.

მთავარი პროკურატურის განცხადებით კი, "ვინაიდან, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, იგი  გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, რაც ხელს  შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას". სწორედ ამ მიზნით, უწყების განმარტებით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონებას.

კომენტარები