რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

ახალი სანქციები რუსულ ნავთობკომპანიებს და შეიარაღების მწარმოებლებს შეეხო

Russia's PM Putin opens a valve during the opening ceremony for the Russian section of the Russia-China oil pipeline in Russia's Far Eastern region of Amu
Ria Novosti / REUTERS

ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა. ევროკომისიამ მოსკოვის წინააღmდეგ ახალი ზომების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

შეზღუდვები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, ნავთობკომპანიებს როსნეფტს, ტრანსნეფტს და გაზპრომნეფტს შეეხო. სანქციების ქვეშ მოექცა შეიარაღების მწარმოებელი სამი მსხვილი კომპანიაც. ევროკავშირმა მათი ობლიგაციების განთავსების ვადა 30 დღით შეზღუდა და მათი დაკრედიტება აკრძალა. გარდა ამისა, ევროპულ კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთში ნავთობის არქტიკულ, შელფურ და ფიქლის საბადოების დაზვერვასა და ექსპლუატაციაში მონაწილეობა.

პერსონალური სანქციების სიაში მოექცნენ დეპუტატი ვლადიმირ ჟირინოვსკი, ე. წ. დონეცკის რესპუბლიკის პრემიერი ზახარჩენკო, ასევე სახელმწიფო სათათბიროს ოთხი ვიცესპიკერი.

დღესვე საკუთარ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატები გამოაცხადებს, თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ახალი შეზღუდვები რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკული და თავდაცვის სექტორის წინააღმდეგ იქმნება მიმართული. შეერთებული შტატები მოუწოდებს ვლადიმირ პუტინს, ითანამშრომლოს კიევთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან სამშვიდობო შეთანხმების შესრულების მიზნით.

სანქციების შემოღების შედეგად რუსული ვალუტა დღეს კვლავ რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. რუბლის კურსმა ერთ დოლარში 37 მთელი და 70 მეასედი შეადგინა. ვარდნა აღინიშნება დილიდან რუსულ საფონდო ბირჟებზეც.  

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ უპასუხა რუსეთის კრიტიკას სირიაში დაგეგმილ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებთ და აღნიშნა, რომ მოსკოვს საერთაშორისო სამართალზე აპელირების მორალური უფლება აღარ აქვს.

”ვითარება ასეთი სერიოზული რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა გაგვეცინა რუსეთის იდეაზე საერთაშორისო სამართლის რომელიმე საკითის გაეროში დაყენების თაობაზე. მართლა ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართალზე საუბარს ბედავს იმის შემდეგ, რაც ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოხდა”, - განაცხადა კერიმ.

უკრაინაში რუსული და სეპარატისტული ფორმირებები კვლავაც უკრაინული ძალების პოზიციების დაბომბვას განაგრძობენ. კიევი აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა სრულყოფილი ფრონტის ხაზი შექმნეს და პოზიციები გაამაგრეს. NATO-ს ინფორმაციით, ქვეყანაში ათასამდე რუსი სამხედრო რჩება და ალიანსი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისინი ქვეყანას ტოვებენ. ზოგიერთი წყაროების ინფორმაციით, რუსეთი საოკუპაციო ძალების როტაციას ატარებს და გაყვანის ნაცვლად, ახალი ქვედანაყოფები შეჰყავს.

კომენტარები