რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

ფიფამ და უეფამ შესაძლოა რუსეთი საკუთარი რიგებიდან გარიცხონ

thewire.com

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, რუსეთის ეროვნულ ნაკრებსა და კლუბებს ფიფასა და უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე გამოსვლის უფლება აეკრძალოთ.

ევროკავშირი უახლოეს დღეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას აპირებს. ერთ-ერთი ახალი სანქციის პროექტი რუსეთისთვის საერთაშორისო კულტურულ, ეკონომიკურ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის აკრძალვას გულისხმობს. ასევე საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია, რუსეთს საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებში წევრობა შეუჩერდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კონკრეტულად, საუბარია იმაზე, რომ ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში არ ჩატარდეს, ასევე, ქვეყანას ჩამოერთვას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოსვლის უფლება, ხოლო რუსულ კლუბებს - ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე გამოსვლა, ამის გაკეთება კი ფიფასა და უეფას შეუძლიათ.

უკრაინასთან კონფლიქტის გამო, ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

დიდი ბრიტანეთის ვიცეპრემიერი ნიკ კლეგი მიიჩნევს, რომ რუსეთი საფეხბურთო მუნდიალისა და ფორმულა ერთის ეტაპის გარეშე უნდა დარჩეს. მისი განცხადებით, თუ პუტინის კურსი არ შეიცვლება და მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება, მსოფლიო ”სუსტი და უსუსური” გამოჩნდება.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების საბოლოო სამუშაო ვერსიას ევროკომისია ოთხშაბათს მიიღებს. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა სანქციების საბოლოო პაკეტი 5 სექტემბრამდე უნდა დაამტკიცონ.

კომენტარები