თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულომ მერიას 30 მილიონი ლარის სესხად აღების უფლება მისცა

primetimenews.ge

თბილისის საკრებულომ ქალაქის მერიას  32 ხმით 4-ის წინააღმდეგ, 30 მილიონი ლარის სესხის კერძო ბანკებისგან აღების უფლება მისცა. ხმის მიცემისგან თავი მხოლოდ 2-მა დეპუტატმა შეიკავა.

საკითხი სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ წარადგინა. მისივე თქმით, 30 მილიონი ლარის სესხის აღება არასწორად დაგეგმილი თბილისის ბიუჯეტის დასაბალანსებლადაა საჭირო. მისივე განმარტებით, აღნიშნული თანხა სოციალურ თემატიკას არ მოხმარდება, არამედ კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც საერთაშორისო ვალდებულებით აქვთ ნაკისრი და ასევე მოქალაქეებისათვის გადაუდებელ საჭიროებებს წარმოადგენს. ხელაიას თქმით, სესხი ერთწლიანია და მერიას იმედი აქვს ტენდერებიდან დარჩენილი თანხები საშუალებას მისცემს  ეს სესხი სრულად არ დახარჯოს.  

საკრებულოს უმრავლესობის წევრთა ნაწილმა - ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელებმა" - კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან მათი აზრით თანხმობის მიცემამდე საკრებულომ  სიღრმისეულად და საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს საკითხი. 

ფრაქციამ თხოვნით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, რათა საკითხი ადეკვატურ ვადებში განხილულიყო და არ შესულიყო დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში. ხაზი გაესვა იმასაც, რომ მსგავსი პრაქტიკა აკნინებს საკრებულოს, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს, როლსა და ფუნქციას. სამწუხაროდ, ფრაქციის თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები" ვერ დაუჭერს მხარს საკითხის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში შეტანას და შესაბამისად, არ მიიღებს მონაწილეობას 2 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაში", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები