მიხეილ სააკაშვილის საქმე

ადვოკატი სააკაშვილის საბერძნეთში შეყოვნებაზე: ეს ყველაფერი ჰგავს უაზრო ჭორს

ოთარ კახიძე
facebook

სააკაშვილის ადვოკატი ოთო კახიძე, ექსპრეზიდენტის კუნძულ სამოსზე შეკავების ფაქტს უარყოფს. როგორც მან ინტერპრესნიუსს განუცხადა, საბერძნეთში საქართველოს ელჩი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება.

"უბრალოდ, ამ განცხადებაში არის ერთი უცნაური დეტალი, კერძოდ, ელჩი ამბობს, რომ თითქოს სააკაშვილი შეაჩერეს იმიტომ, რომ მასზე იყო ინფორმაცია ძებნის თაობაზე. შემდეგ იგი გაუშვეს, ვინაიდან ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. თუ იყო ინფორმაცია ძებნის თაობაზე, მაშინ ეს ინფორმაცია არსებობდა. თუ არ არსებობდა ეს ინფორმაცია, უკვე საკუთარ თავს ეწინააღმდეგება ელჩი. ეს ყველაფერი ჰგავს რაღაც უაზრო ჭორს, რომლის მსგავსი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა გაავრცელა", - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 20 ივნისს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი ბაქოს აეროპორტში არადეკლარირებული თანხის საზღვარზე გადატანის მცდელობისას რამდენიმე საათით შეაჩერეს და მოკვლევა ჩაატარეს. ნაციონალურ მოძრაობაში ეს ინფორმაცია უარყვეს. ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განმარტა, რომ მან გოგა ხაჩიძესთან ერთად სპეციალურად სატელეფონო საუბრისას ისაუბრა ისე, რომ საუბრის სპეცსამსახურების მიერ მოსმენის შემთხვევაში ეფიქრათ, რომ მნიშვნელოვან ნივთის ბაქოდან წამოღებაზე იყო საუბარი. ჯაფარიძემ თქვა, რომ მისი მიზანი საქართველოს სახელმწიფოს მიერ სატელეფონო საუბრების უკანონოდ მოსმენის გამოაშკარება იყო. 

 

 

კომენტარები