აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

აჭარის მთავრობის საკადრო ცვლილებებს უმაღლესი საბჭო აპროტესტებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის არჩილ ხაბაძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია. მისი განცხადებით, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად რუსლან ქორიძე დაინიშნა. ასევე, ქობულეთის ყოფილი გამგებელი გიორგი რომანაძე დაინიშნა საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსად, ხოლო ამავე უწყების ყოფილი უფროსი კახა შაშიკაძე გადავიდა მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ასევე, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ნაგერვაძე და განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან მანელიშვილი. არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში "მურმან დუმბაძის გუნდზე მიზანმიმართულ შეტევად" აფასებენ.

არჩილ ხაბაძის განცხადებით,  "რაც შეეხება ცვლილებებს განათლების სამინისტროში, მიმდინარეობს კონსულტაციები მინისტრთან, ბატონ გია თავამაიშვილთან. გავივლით რამდენიმე ვარიანტს და ვაკანტურ ადგილებზე შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის ახალ თანამშრომლებს დავნიშნავთ". მისი თქმით, განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან მანელიშვილთან კითხვები ჰქონდა თეატრსა და სახელმწიფო ანსამბლში არსებული პრობლემების თაობაზე. 

"ვფიქრობთ, რომ კულტურის მხრივ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და მოვიდა დრო, ამ მიმართულებას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებას ისეთი ადამიანი ჩაუდგეს სათავეში, ვინც უფრო ეფექტურად შეძლებს მართვას. ქეთევან მანელიშვილი ჩვენი გუნდის წევრია და ის გააგრძელებს ჩვენთან ერთად მუშაობას. კონსულტაციები მიმდინარეობს მის დასაქმებაზე", - აცხადებს ხაბაძე და აღნიშნავს, რომ ცვლილება შეეხო კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფროსს ბიძინა აფხაზავას და ის მოადგილის რანგში გააგრძელებს მუშაობას.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ ეტაპზე გათავისუფლებები არ იგეგმება, იქნება როტაცია, ეს შეიძლება მოადგილეებსაც შეეხოს და სერვისცენტრებსაც. ერთი ვაკანსია გვაქვს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, ორი კანდიდატურა შეირჩა, ორივე თავის სფეროში კომპეტენტური და პროფესიონალია. მალე პირადად გავიცნობ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ფრაქცია ქართულმა ოცნებამ 2012 წლის შემოდგომაზე ნდობა გამოუცხადა აჭარის მთავრობას.

"სამწუხაროა, რომ ორი წლის თავზე მთავრობის თავმჯდომარე ეწევა ამ გუნდის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ვითარების ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს არის მიზანმიმართული შეტევა იმ გუნდზე, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილია როგორც ე.წ. მურმან დუმბაძის გუნდი, რომელმაც ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაამარცხა აჭარაში სააკაშვილის რეჟიმი და დღეს წარმოადგენს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს", - განაცხადეს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართულ ოცნებაში.

მათი ინფორმაციით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გათავისუფლებული მოადგილე ქეთევან მანელიშვილი ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრია, ხოლო და ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსი ბიძინა აფხაზავა და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ნაგერვაძე - პარტიის თანადამფუძნებლები.

"აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გააფრთხილა შესაძლო განთავისუფლების შესახებ შპს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წარმატებული დირექტორი ბატონი ლევან ჯინჭარაძე, ასევე გაფრთხილება მიიღო საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სერგო დუმბაძემ. ორივე იყო პარტია ქართული ოცნების თანადამფუძნებელი. საყურადღებოა, რომ მერაბ ნაგერვაძე იყო კოალიცია ქართული ოცნების აჭარის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი და ყველაზე წარმატებული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ხაზგასმით აღვნიშნავ, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებული ამ ორი დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში იყო აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განსჯის საგანი და მას მიღებული აქვს დადებითი შეფასება", - განაცხადეს უმაღლეს საბჭოში.

კომენტარები