ქველმოქმედება

ყინულიანი წყლის გამოწვევით WeHelp.ge-ისთვის 5 დღეში 15 000 ლარი მობილიზდა

ყინულიანი წყლის გამოწვევა - The Ice Bucket Challenge
sammy-riggs.com/

საქველმოქმედო Youtube-მარათონის ყინულიანი წყლის გამოწვევის (Ice Bucket Challenge) შედეგად, საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო ორგანიზაცია WeHelp.ge-ისთვის 5 დღეში 15 000 ლარის მობილიზება მოხერხდა - ამის შესახებ ტაბულას საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბორის კიკნაძემ უთხრა. ამჟამად, 22 აგვისტოს დილის 10:00 საათის მონაცემებით, ბანკის მიერ დადასტურებული ტრანზაქციების ოდენობა უკვე 10 524 ლარს უტოლდება, დანარჩენი თანხის ასახვა დღის ბოლომდე მოხდება. 

საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე ბენეფიციარების დასახმარებლად თანხა უკვე 527-მა ადამიანმა ჩარიცხა. აქტიურობის მიხედვით ხუთშაბათი, 21 აგვისტო გამოირჩეოდა, როდესაც WeHelp.ge-ის ანგარიშზე 336-მა ადამიანმა ჯამში 6 952 ლარი ჩარიცხა. გარდა ჩარიცხული თანხისა, WeHelp.ge-ის ვებსაიტზე რეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობამ 400 ერთეულით მოიმატა. რეგისტრირებულ მომხმარებელს მომავალშიც შეეძლება ფონდის მიერ ინიცირებულ საქველმოქმედო აქტივობებში ჩაერთოს და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს WeHelp.ge-ის ბენეფიციარებს. 

საქართველოში ვიდეომარათონმა სტარტი 18 აგვისტოს აიღო და ინიცირებული იყო WeHelp.ge-ს დამფუძნებლის, ბორის კიკნაძისა და IdeaGroup-ის დამფუძნებლის, ლევან პაიჭაძის მიერ. Ice Bucket Challenge-ის ვიდეომარათონმა თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში აიღო სტარტი და შემდგომ ვირალური გახდა სოციალური ქსელის მომხმარებელთა შორის. პირველი ცნობილი მილიარდერი, რომელმაც გამოწვევა მიიღო, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი იყო, რომელმაც ბილ გეიტსი გამოიწვია. Microsoft-ის დამფუძნებელმა სიამოვნებით მიიღო და შეასრულა გამოწვევა. ორივე მილიარდერმა თანხები ALS-ის (ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი) სამკურნალოდ ჩამოყალიბებულ ფონდში მიმართა. 

საქართველოში საქველმოქმედო თანხები უმეტესწილად WeHelp.ge-სკენ მიემართა. ჩაირიცხა თანხები კათარზისის ანგარიშზეც.

WeHelp.ge საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფობით დაავადებულ ბენეფიციარებს ეხმარება, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დაფარონ სამკურნალო ხარჯები. ორგანიზაციას ჰყავს ე.წ. Case Officers, რომელნიც ბენეფიციარის მდგომარეობას შეისწავლიან, ამოწმებენ არსებულ დოკუმენტაციას და მოთხოვნილი თანხის სიზუსტეს და მხოლოდ ამის შემდეგ განთავსდება ავადმყოფის ქეისი ვებსაიტზე, სადაც მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს თუ რომელ ბენეფიციარს დაეხმარება და სურვილისამებრ გადარიცხოს თანხა დაწყებული 1 ლარიდან. საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებლები საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ბორის კიკნაძე და უჩა მაისურაძე და თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული დავით ხოსროშვილი არიან. 

www.WeHelp.ge
ფოტო:
wehelp.ge

თითოეული ბენეფიციარის შემთხვევის შესაბამისად თითოეულ საქველმოქმედო პროექტს მიბმული აქვს დამადასტურებელი დოკუმენტაცია ავადმყოფის მდგომარეობისა და ფინანსური მოთხოვნების შესახებ, რომელიც ზრდის გამჭვირვალობისა და ნდობის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ WeHelp.ge-ისთვის ჩარიცხული თანხის 100% ბენეფიციარს ხმარდება და არ მოქმედებს არანაირი საკომისიო განაკვეთი. ფონდის ანგარიშზე დღემდე ჩარიცხულია 44 500 ლარზე მეტი და მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება 25 პროექტი 600-ზე მეტი მომხმარებლის მიერ. 

კომენტარები