მიხეილ სააკაშვილის საქმე

დოლიძე: სააკაშვილი რა განცხადებას გააკეთებს, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ პოლიტიკასთან სამართლებრივი და საკანონმდებლო საქმეების გაიგივება, რადგან ეს არის არასწორი და მანკიერი პრაქტიკა", - ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები შეაფასა. მისი თქმით, სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა არის წმინდა სამართლებრივი თემატიკის საკითხი.

"სააკაშვილი რა განცხადებას გააკეთებს და რა სპეკულირებას გააგრძელებს, ეს ჩემთვის არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა იმოქმედოს უკვე არსებულმა თავისუფალმა სასამართლომ", - თქვა დოლიძემ. 

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნა გამოცხადდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ. ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის ეთერში, საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებულ ბრალს არასერიოზული უწოდა. მისი თქმით, "ნებისმიერი პრეზიდენტი ნებისმიერი ქვეყნის წევს ხარჯებს, ეს არის ჩვეულებრივი". მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ეს ბრალი წამოაყენეს იმიტომ, რომ პირველი ორი ბრალი, რომლებიც იყო წმინდა პოლიტიკური ხასიათის, ყველამ აღიქვა არასერიოზულად. ამდენი წელი ბიძინა ივანიშვილი იძახოდა, რომ სააკაშვილმა 19 მილიარდი წაიღო - ამ კაცმა თვითონ თავისი ჭორები დაიჯერა. ამ 19 მილიარდის შემდეგ, იმის თქმა, რომ ამ 9 წელიწადში 8 მილიონი დახარჯა სააკაშვილმა სტუმრების მიღებაზე, სასახლის ფუნქციონირებაზე, ტურიზმის რეკლამირებაზე, საქართველოს არაღიარების პოლიტიკაზე - ვფიქრობ, ეს ბრალი კიდევ უფრო სასაცილოდ აიგდებთ მათ".

კომენტარები