მიხეილ სააკაშვილის საქმე

პრემიერი: სამარცხვინო პრეზიდენტი გვყავდა, რომელიც ხალხის ფულს ხარჯავდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი 2-თან მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს "ტიპური დიქტატორის" განცხადებები უწოდა. პრემიერის თქმითვე, მას, როგორც რიგით მოქალაქეს, რცხვენია, რომ ქვეყანას "სამარცხვინო პრეზიდენტი" ჰყავდა.

"ძალიან აღელვებული ჩანდა სააკაშვილი და მე გამახსენდა აგვისტოს ომის კადრები - მაშინ ყველაზე მეტად შეშინებული იყო და ერთგვარი გამეორება მოხდა ამ კადრების. რაც შეეხება მის განცხადებებს, თუ რომელიმე ქვეყანაში რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს მიაჩნია, რომ ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ნორმალურია, მაშინ პრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს დემოკრატიაზე. ეს იყო ტიპური დიქტატორის განცხადებები, თორემ როგორ შეიძლება მასაჟისტის მომსახურება და მილიონიობით ხარჯი იყოს ნორმად აღქმული. ესაა გამორიცხული. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, საქართველოში დასრულდა დაუსჯელობის და განუკითხაობის ეპოქა. ყველას მოეთხოვება სათანადოდ პასუხი და ყველა მოქალაქე იქნება კანონის წინაშე თანასწორი, პრემიერია იგი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი თუ ნებისმიერი სხვა მოხელე. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, სირცხვილია, რომ გვყავდა სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ფუფუნებაზე ხალხის ჯიბიდან ამოღებულ მილიონობით ლარს ხარჯავდა. როგორ კადრულობენ და ბედავენ მისი გუნდის წევრები, ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ და თქვან, რომ ეს ყველაფერი ნორმა და მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა? ამაზე პასუხს გასცემს პროკურატურა და შესაბამისი ორგანოები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გუშინ, რუსთავი 2-ის ეთერში, საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებულ ბრალს არასერიოზული უწოდა. მისი თქმით, "ნებისმიერი პრეზიდენტი ნებისმიერი ქვეყნის წევს ხარჯებს, ეს არის ჩვეულებრივი". მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ეს ბრალი წამოაყენეს იმიტომ, რომ პირველი ორი ბრალი, რომლებიც იყო წმინდა პოლიტიკური ხასიათის, ყველამ აღიქვა არასერიოზულად. ამდენი წელი ბიძინა ივანიშვილი იძახოდა, რომ სააკაშვილმა 19 მილიარდი წაიღო - ამ კაცმა თვითონ თავისი ჭორები დაიჯერა. ამ 19 მილიარდის შემდეგ, იმის თქმა, რომ ამ 9 წელიწადში 8 მილიონი დახარჯა სააკაშვილმა სტუმრების მიღებაზე, სასახლის ფუნქციონირებაზე, ტურიზმის რეკლამირებაზე, საქართველოს არაღიარების პოლიტიკაზე - ვფიქრობ, ეს ბრალი კიდევ უფრო სასაცილოდ აიგდებთ მათ".

ამასთან, გუშინ მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ.

კომენტარები