მიხეილ სააკაშვილის საქმე

გაბაშვილი კრამერის განცხადებაზე: ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის

geonews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, "როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მოქმედებას ადარებს იანუკოვიჩის ხელისუფლების მოქმედებას, ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის". გაბაშვილი დევიდ კრამერის  ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც Freedom House-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით "იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ". 

როგორც გოკა გაბაშვილი აღნიშნავს, კრამერის განცხადება "გამოწვეულია საქართველოს მთავრობის ქცევით, რომელსაც შურისძიების სურვილისგან დაბრმავებულს აღარაფერი აინტერესებს - არც საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟი, არც საქართველოს მეგობრების აზრი და არც იმ ადამიანების აზრი, რომლებიც წლების განმავლობაში, საქართველოს გვერდით ედგნენ და უდგანან სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანა სწორი გზით განვითარდეს".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, "ჩვენდა სასიხარულოდ, საქართველოს მეგობართა კლუბი იზრდება და მთავრობას ისინი სააკაშვილის მეგობართა კლუბი ჰგონია". გაბაშვილი აღნიშნავს, რომ ეს მათი არჩევანია.

"იქნება ეს კარლ ბილდტი, სიკორსკი, Freedom House, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკელი სენატორები, ევროკავშირის ხელმძღვანელობა - საქართველოს მთავრობისთვის ესენი არიან მიუღებლები, რადგან საქართველოს ნორმალურ განვთარებაზე საუბრობენ. მათთვის მისაღებია მხოლოდ ის ხალხი, რომლებიც ზეიმობენ ჩვენი მთავრობის პოლიტიკური შურისძიების კამპანიას, მათი მისამართია ერთადერთი ქალაქი - ეს არის მოსკოვი", - აცხადებს გაბაშვილი.

კომენტარები