ვარშავასა და სტოკჰოლმს შორის თავდაცვის მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, შვედურმა კომპანია Saab-მა 29 ივნისს განაცხადა, რომ A26 ტიპის წყალქვეშა ნავების მიწოდებასთან დაკავშირებით პოლონეთთან $4.83 მილიარდის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა.
"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ პოლონეთმა Saab-ის წყალქვეშა ნავები აირჩია, რათა საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები გაამყაროს და ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გააძლიეროს. A26 ტიპის სამი წყალქვეშა ნავი პოლონეთის თავდაცვის ამჟამინდელ და სამომავლო მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გადამწყვეტ როლს ითამაშებს ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაუმჯობესებაში." – განაცხადა კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მიკაელ იოჰანსონმა.
Saab-ის მიხედვით, A26 ტიპის წყალქვეშა ნავები ბალტიის ზღვის მომთხოვნ პირობებში ოპერირებისთვის შეიქმნა. კომპანიის განცხადებით, დიზაინის შემუშავების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტელსის ტექნოლოგიასა და უნარს, რომ A26 შეუმჩნეველი დარჩეს. კონტრაქტი ასევე მოიცავს იარაღის პაკეტს, მომზადებასა და ტექნიკურ მხარდაჭერასაც, კონტრაქტის ფარგლებში საბოლოო მიწოდებები კი 2038 წლისთვისაა დაგეგმილი.
წყალქვეშა ნავებზე კონტრაქტის გარდა, პოლონეთი და შვედეთი შეთანხმდნენ, რომ ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით ორმხრივ თანამშრომლობას გააღრმავებენ, რისთვისაც ისინი ბალტიის ზღვის პაქტს წამოიწყებენ.
შვედეთის მთავრობის განცხადების მიხედვით, ორი ქვეყანა "მთავარი მონაწილე მხარეები არიან ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მხრივ," რომლებსაც საერთო ღირებულებები და უსაფრთხოების ინტერესები აქვთ.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ორივე ქვეყნისთვისა და ბალტიის ზღვის რეგიონისთვის რუსეთი მთავარ გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს.
"საერთაშორისო პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთობლივი ძალისხმევითა და მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მზად ვართ, ვუხელმძღვანელოთ რეგიონულ ინიციატივებს, რომელთა მიზანიც რუსეთის აღკვეთა და მავნე ქმედებებისთვის მისი სივრცის შეზღუდვაა." – წერია განცხადებაში.




