რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა 29 ივნისს გამოეხმაურა თავდაცვის სფეროში NATO-უკრაინის ერთობლივ ინოვაციურ პროექტს, რომლის მიზანიც ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაა, რომელსაც მოწინააღმდეგის აეროდრომების მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია.
ზახაროვას თქმით, NATO-ს მიერ გაკეთებული ოფიციალური განმარტებები "მკაფიოდ მიანიშნებს, რომ შესაბამისი იარაღის განვითარება, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესების გათვალისწინებით ხდება, რისი მკაფიო მიზანიც მათი სწრაფი განლაგებაა კონკრეტული, ამბიციური საბრძოლო მისიების შესასრულებლად, რის მიღწევასაც კიევი, NATO-ს ქვეყნების აქტიური მხარდაჭერით, რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის დროს წარუმატებლად ცდილობს."
"ეს [პროექტი] მოიცავს, კონკრეტულად, ისეთი იარაღის შექმნას, რომელსაც რუსეთის აეროდრომებისა და ავიაბაზების მასობრივად განადგურება და სამუდამოდ მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეშიც. სტრატეგიული მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს 'მტრის აეროდრომებიდან ოპერაციების წარმოების ხანგრძლივი შეზღუდვა', რათა 'ფუნდამენტურად ძირი გამოეთხაროს მტრის საჰაერო კამპანიას'". – დაამატა მან.




