მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილის საქმეზე საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილისა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილის საქმეზე საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს 12:00 საათზეა ჩანიშნული. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. 

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავასთვის და ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ყოფილ მერს უკვე შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. ხოლო, ენმ-ის გენერალურ მდივანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები