ნეფთჩი - ჩიხურა

შსს: ქართული სპორტის ქომაგებმა გააცნობიერეს თავიანთი ქმედებების შედეგები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ქართული სპორტის ქომაგებს შეხვდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს ბაქოში გამართული მატჩისას, რომელშიც ერთმანეთს ადგილობრივი ნეფთჩი და საჩხერის ჩიხურა ხვდებოდნენ, ქართული სპორტის ქომაგებმა საქართველოს რუკა წარწერით "ეს საქართველოა" გადმოფინეს. ბანერის გადმოფენას დაპირისპირება მოჰყვა გულშემატკივრებს შორის, სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანიც კი დააკავეს.

"ვითარებაში გარკვევის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მოხდა შეხვედრა და გასაუბრება აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი საქციელი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული და არ ისახავდა მიზნად არც ერთი მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შელახვას ან შეურაცხყოფას. ქართული სპორტის ქომაგებმა გააცნობიერეს თავიანთი ქმედებების პოლიტიკური შედეგები და აღნიშნეს, რომ მომავალში მათი მხრიდან მაქსიმალურად იქნება გააზრებული ყოველი ნაბიჯი, რათა სპორტულ ღონისძიებებზე მათი აქტიურობა არ იქცეს ორ მეგობარ-მეზობელ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების მიზეზად", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ჩიხურასა და ნეფთჩის შორის 7 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შსს გულშემატკივარს კორექტულობისა და სტუმარი გუნდის გულშემატკივრების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

კომენტარები