ნეფთჩი - ჩიხურა

ყიფიანი ნეფთჩი-ჩიხურას ინციდენტზე: ან უგუნურის გაკეთებულია ან პროვოკატორის

ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის ლევან ყიფიანის შეფასებით, ის, რაც მოხდა აზერბაიჯანში, როდესაც ნეფთჩი-ჩიხურას მატჩის დროს ქართველმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე რუკა გადმოფინეს წარწერით - "ეს საქართველოა", "ან უგუნურის გაკეთებული უნდა იყოს, ან პროვოკატორის". როგორც ყიფიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, "ყველანაირად გავემიჯნებით და მკაცრად მოვეკიდებით ამ საკითხს, რადგან აუცილებელია, გამომჟღავნდეს, ეს ადამიანები ვინ არიან, რადგან ეს ნამდვილად არ შეეფერება სპორტულ სანახაობას და სპორტს".

კითხვაზე, "როგორ ფიქრობთ, ეს მიზანმიმართული კამპანიაა?", სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა უპასუხა, რომ "ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს".

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩისა და საჩხერის ჩიხურას შორის შეხვედრა გუშინ, ბაქოში გაიმართა. მატჩის დროს ტრიბუნებზე ქართველმა გულშემატკივრებმა რუკა გადმოფინეს წარწერით "ეს საქართველოა". ბანერის გადმოფენას დაპირისპირება მოჰყვა გულშემატკივრებს შორის. sportbox.az-ის ცნობით, ჩიხურას მთავარმა მწვრთნელმა სამსონ ფრუიძემ აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა.

კომენტარები