მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდება გასაჩივრდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა წინასწარი პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. მათ სარჩელი სააპელაციო სასამართლოში უკვე შეიტანეს. ადვოკატების შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული. 

დავით კეზერაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, "ჩვენი საჩივრის ცენტრალური ნაწილი არის ის გარემოება, რომ დავით კეზერაშვილი არ არიდებს თავს გამოძიებაში გამოცხადებას და სასამართლო ორგანოების წინაშე გამოცხადებას. უბრალოდ, როგორც საქვეყნოდ არის ცნობილი, მის მიმართ პოლიტიკური დევნა წარმოებს და ეს რომ პოლიტიკური დევნაა, ეს არ არის მხოლოდ დაცვის მხარის შეფასება, ეს დაადასტურა ფრანგულმა სასამართლომ. ჩვენი საჩივარი დასაბუთებელია და გაზიარებულ უნდა იქნეს, თუმცა, რეალურად რა ფაქტის წინაშე დავდგებით, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - თქვა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკურ დაკვეთას უკავშირებს.

"სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტები, რომლებიც ჩვენ მას წარვუდგინეთ. კერძოდ, პირველი ის, რომ ბრალის დადგენილება იყო გამოტანილი მტკიცებულებების გარეშე. ჯერ ბრალი გამოიტანა პროკურატურამ და მერე დაიწყო ბურჯანაძის დაკითხვა და მტკიცებულებების შექმნა. ვინმე თანამონაწილეთა იდენტიფიკაცია მათი ამოცანა არ არის. კონკრეტული სამიზნე ჯგუფია მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა. დანარჩენები არ აინტერესებთ, იმიტომ, რომ პოლიტიკური დაკვეთაა სწორედ ამ პირების პასუხისგებაში მიცემა", - თქვა კახიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს 12:00 საათზეა ჩანიშნული. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. 

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავასთვის და ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ყოფილ მერს უკვე შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. ხოლო, ენმ-ის გენერალურ მდივანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები