მიხეილ სააკაშვილის საქმე

სასამართლოში სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი დაიწყო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის, ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ რამდენიმე საათის წინ მიმართა.

საქმეს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილი განიხილავს. 

სასამართლო პროცესზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის ადვოკატები. პროცესის დაწყებამდე მათ კომენტარები გააკეთეს. სააკაშვილისა და ადეიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის თქმით, დღეს ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობის საპასუხოდ, რომელიც ბრალდებულებისთვის პატიმრობას გულისხმობს, მოითხოვენ ბრალდებულების აღმკვეთი  ღონისძიების გარეშე დატოვებას.

"ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია, საქართველოს ყველა კეთილისმსურველს დასავლურ სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს - ყველას, 2012 წლის მიწურულიდან დაწყებული პოლიტიკური დევნა მიაჩნია აღმაშფოთებლად, ისინი არიან იმედგაცრუებულები, შეშფოთებულები. პრაქტიკულად, ყველას აქვს აღქმა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ჩვენ შევეცდებით სასამართლოს წარვუდგინოთ არგუმენტები, თუ რატომ ფიქრობენ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები ასე თუ რატომ თვლის დაცვის მხარე, რომ ივანიშვილის პროკურტურის მხრიდან უკვე წელიწადზე მეტია არაფერი კეთდება გარდა ოპონენტების პოლიტიკური დევნისა', - თქვა კახიძემ.

დავით კეზერაშვილის ადვოკატმა გიორგი  გელხაურმა აღნიშნა, რომ არ არსებობს გარემოება, რის საფუძველზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

“პროკურატურა ითხოვს პატიმრობას დავით კეზერაშვილის მიმართ,  რომელიც საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური ნიშნით იდევნება და სწორედ ამის გამო საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილი გაათავისუფლა. არ არსებობს სერიოზული არგუმენტი პროკურატურის მხრიდან, რომ კეზერაშვილს კვლავ პატიმრობა შეეფარდოს. შესაბამისად, პატიმრობის შუამდგომლობაზე ალტერნატივად გირაოს შუამდგომლობას არ დავაყენებ. ჩვენ გვექნება შუამდგომლობა, რომ მოვითხოვოთ აღმკვეთი ღონისძიების გარეშე მისი დატოვება", - აღნიშნა გელხაურმა.

პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმაც - "ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო მისი პოზიციები მოგვესმინა იმ დაგროვილ  კითხვებზე, რომელიც არსებობს. თუმცა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ცნობილია, არაერთხელ თქვა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარი. ცნობილია, ასევე, რომ მან დისტანციურ დაკითხვაზეც უარი თქვა. ასეთ შემთხვევაში ბრალდების მხარე იძულებული გახდა, მის მიმართ პატიმრობა მოეთხოვა. კანონით გათვალისწინებული ნორმებითაც, როდესაც გამოძიებასთან თანამშრომლობას პირი თავს არიდებს, ასეთ შემთხვევაში ხდება პატიმრობის მოთხოვნა".

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავასთვის და ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ყოფილ მერს უკვე შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. ხოლო, ენმ-ის გენერალურ მდივანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიებად წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები