მიხეილ სააკაშვილის საქმე

NGO-ები სააკაშვილის საქმეზე: უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური ანგარიშსწორება

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიებისას კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით იხელმძღვანელონ და პოლიტიკური ანგარიშსწორება გამორიცხონ. ხუთი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურა ვალდებულია, გამოიძიოს როგორც ყოფილი, ისე მოქმედი თანამდებობის პირების მიერ სავარუდოდ ჩადენილი დანაშაული და შესაბამისი პირები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. თუმცა ორგანიზაციები სპეციალურ განცხადებაში ყურადღებას ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სტატუსით დაბარებასა და გამოუცხადებლობის შემდეგ ბრალის წარდგენის ფაქტზე ამახვილებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი მისი მოწმედ დაკითხვის რეალურ საჭიროებასთან დაკავშირებით ეჭვს აჩენს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლებამ ამ და სხვა საქმეებთან მიმართებაში უნდა იმოქმედოს კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვით და სათანადო გამჭვირვალობისა და დასაბუთებულობის გზით გამორიცხოს პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტი". მათი შეფასებით, ეს მნიშვნელოვანია, არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის შემდგომ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის.

"ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დამნაშავეთა პასუხისმგებლობის დაყენებას. თუმცა, ცხადია, როდესაც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და ექსპრეზიდენტს უკავშირდება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა და პროკურატურამ ნათლად მოახდინონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, დამოუკიდებლობისა და კანონიერების პრინციპების დაცვის დემონსტრირება, რაზეც ასევე მიუთითებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ბოლო დასკვნა (გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნა, მე-11 პარა). ამ მიმართულებით გარკვეული კითხვები არსებობს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ მიმდინარე ზოგიერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე საყურადღებოა ექსპრეზიდენტის მოწმის სტატუსით დაბარების და მისი გამოუცხადებლობის შემდეგ, მისთვის დაუყოვნებლივ ბრალის წაყენების ფაქტი, რაც დასაბუთებულ ეჭვებს აჩენს მისი მოწმედ დაკითხვის რეალურ საჭიროებასთან დაკავშირებით. სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის საჭიროა, ბრალდების ორგანოებმა იმოქმედონ სათანადო გამჭვირვალობის სტანდარტით, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის პირობებში სათანადო ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობის, მოპოვებული მტკიცებულებებისა და საქმის დეტალების შესახებ, ისე რომ შესაძლებელი იყოს შესაბამისი უწყებების კანონიერების კონტროლი. ასევე, მნიშვნელოვანია, მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დაცული იყოს უდანაშაულობის პრეზუმფცია და პირებმა შეძლონ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობა. პოლიტიკურმა განცხადებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების აღსრულებას და არ უნდა განაპირობოს კონკრეტული საქმის მიმართულება და შედეგები", - აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

"კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა მოითხოვს დაუსჯელობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას და ამ პროცესში სამართლის პრინციპების განუხრელ დაცვას. ამასთან, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება არ ითვალისწინებს რაიმე გამონაკლისს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისთვის. კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ სწრაფვა მოითხოვს, რომ გამონაკლისები პრაქტიკაშიც გამოირიცხოს. პროკურატურა არა მხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია, გამოიძიოს როგორც ყოფილი, ისე მოქმედი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული და შესაბამისი პირები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. მაღალი თანამდებობის პირების პასუხიმგებლობის დაყენება მათ მიერ მომავალში კანონის დარღვევის პრევენციადაც შეიძლება ჩაითვალოს", - აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, "საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის იმ არაერთი ფაქტით, რომელსაც გასული წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი და რომლისთვისაც ჯერჯერობით სათანადო პასუხისმგებლობა არ დამდგარა".

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) აცხადებენ, ისინი ყოველთვის აფიქსირებდნენ პოზიციას, რომ აუცილებელია 7 ნოემბრის და მისი თანმდევი მოვლენების (იმედის გასხვისება და სხვა საკითხები) ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება.

"2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების დროს ცალსახად ჰქონდა ადგილი მომიტინგეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებას; მომიტინგეთა ქმედება არ აძლევდა პოლიციისა თუ თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლებს უფლებას, ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეწყვიტათ შეკრება, რადგან სახეზე არ იყო კანონის დარღვევა აქციის მონაწილეთა მხრიდან. ამას გარდა, ცნობილია, რომ ადგილი ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და თვით სახალხო დამცველის მიმართ უკანონო მოქმედებების განხორციელებას. ასევე, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა იმედის მფლობელების ბუნდოვან ვითარებაში შეცვლის ფაქტი, რომელიც იმედში სპეცრაზმის შეღწევასა და ტელევიზიის გათიშვას მოჰყვა", - ნათქვამია ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები