საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა წლის პირველ ნახევარში 6%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკური ბიუროს (საქსტატი) მონაცემებით, 2014 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.4% შეადგინა, ნახევარი წლის მონაცემებით კი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა.

აპრილ-ივნისის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აპრილში დაფიქსირდა და 2.7% შეადგინა.

ივნისში მაისთან შედარებით შემცირებულია ფასები სამომხმარებლო პროდუქციაზეც, თუმცა 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით არის მომატებული. 

ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ნაწილობრივ საგარეო სავაჭრო ბრუნვის 15%-იანმა ზრდამ განაპირობა. იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლები თანაბრად არის გაზრდილი.

3%-ით შემცირებულია ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 

საქსტატის ინფორმაციით, გაზრდილია საბიუჯეტო ხარჯების რაოდენობაც და ივნისის თვეში ხარჯები 60 მილიონით აჭარბებს შემოსულობებს. პირველი ექვსი თვის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში დანახარჯები შემოსულობებს თითქმის 5 მილიონი ლარით აჭარბებს. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გათვლილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. პირველი ექვსი თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 6%-ია. ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის 5%-იანი ზრდის პროგნოზს აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. 

კომენტარები