მიხეილ სააკაშვილის საქმე

კოჟორიძე ბურჯანაძის ჩვენებაზე: დანაშაულის შეუტყობინებლობაც დანაშაულია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ თუ 2007 წელს, 7 ნოემბერთან დაკავშირებით მზადდებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშული და ამის შესახებ ნინო ბურჯანაძეს ჰქონდა ინფორმაცია, მას ეკისრებოდა ვალდებულება, სამართალდამცველებისთვის მიეწოდებინა აღნიშნული ინფორმაცია. კახა კოჟორიძის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულის შეუტყობინებლობაც დანაშაულია და ითვალისწინებს ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

"2007 წლის ნოემბერში გამართულ იმ შეხვედრაზე, სადაც დაიგეგმა, 7 ნოემბერის დროს რა რეაგირება უნდა ჰქონოდა ხელისუფლებას, მათ შორის, ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით, თუ ამ დროს, მზადდებოდა განსაკუთრებით მძიმე თუ მძიმე დანაშაული და ეს არის პროკურატურის პოზიცია, მაშინ ყველა იმ პირს, ვინც ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა, ეკისრებოდა ვალდებულება, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ეს ინფორმაცია მიეწოდებინათ. სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ იმ პირის მხრიდან დანაშაულის შეუტყობინებლობა, რომლმაც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, წარმოადგენს დანაშაულს", - აცხადებს კოჟორიძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და მიხეილ სააკაშვილის საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმის ნინო ბურჯანაძის თქმით კი, "ყველაფერი, რაც ამ დაკითხვის ოქმებშია, თითქმის ყველაფერი მაქვს ნათქვამი სხვადასხვა დროს ინტერვიუებში. და როდის რას ვიტყვი, ამას ნურც კოჟორიძე მიკარნახებს და ნურც ვინმე სხვა. მე ძალიან კარგად ვიცი, როდის რა უნდა ვთქვა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან და სამართლებრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, და ვიდრე კომენტარებს გააკეთებენ და ჩემს პასუხისმგებლობაზე ილაპარაკებენ, კარგად წაიკითხონ ჩემი ინტერვიუებიც, ჩემი ჩვენებებიც და კარგი ანალიზი გააკეთონ".

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთო კახიძის ინფორმაციით, 80-ტომიან საქმეში მთავარი და ერთადერთი მოწმე, ვინც სააკაშვილის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე საუბრობს, ნინო ბურჯანაძეა. ადვოკატის ცნობით, ბურჯანაძის ჩვენების მიხედვით, გადაწყვეტილება მომიტინგეთა დაშლის და იმედში შესვლის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, თუმცა სხვა მტკიცებულებების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტის სახელსა და გვარს არავინ ახსენებს. 

კომენტარები