მიხეილ სააკაშვილის საქმე

აბაშიძე: კანონის უზენაესობის პრინციპს ვიზიარებთ და რეალურად, ასეც ვმოქმედებთ

timer.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, როცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება, თუმცა, დეპუტატის თქმით, აუცილებელია, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ზურაბ აბაშიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გამო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, "ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას უსვამს ხაზს. განცხადებაში მკაფიოდ არის აღნიშნული კანონის უზენაესობა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და, რეალურად, ასეც ვმოქმედებთ".

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, "ნებისმიერი გამოძიება არ ნიშნავს, რომ ვინმე არის დამნაშავე ან უდანაშაულო". საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერ პირთან დაკავშირებით.

"იქნება ეს ყოფილი პრეზიდენტი თუ სხვა თანამდებობის პირი. სასამართლო გადაწყვეტილება იქნება დასტური იმისა, ჩაიდინა თუ არა დანაშაული სააკაშვილმა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 7 ნოემბერი და აშკარად გამოძიებით იკვეთება სააკაშვილის დანაშაულიც. საბოლოოდ სასამართლო იმსჯელებს ამაზე და განაჩენსაც გამოიტანს", - თქვა აბაშიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "კანონის უზენაესობის ერთგულება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველამ უნდა დაიცვას კანონი, არამედ იმასაც, რომ სამართლებრივი სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური შურისძიების იარაღად". 

კომენტარები