მიხეილ სააკაშვილის საქმე

მაღლაფერიძე: ვერ დავიჯერებ, მიშას გარეშე გუბერნატორებთან საუბარი გაებედათ

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე ტაბულასთან საუბარში იმ თათბირის დეტალებს იხსენებს, რომელიც, მისი ინფორმაციით, 2007 წლის 4 ნოემბერს შედგა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში სწორედ, აღნიშნული თათბირის შესახებ არის საუბარი. პროკურატურის განცხადებით, "თათბირზე გადაწყდა, რომ უნდა შეედგინათ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა სია, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხის ცემა და სხვადასხვა გზებით, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებით მათი დაპატიმრება".

როგორც ვასილ მაღლაფერიძე იხსენებს, ეს 4 ნოემბერის საღამო იყო.  „თათბირს ვანო მერაბიშვილი ატარებდა. ადეიშვილიც იქ იყო, მაგრამ შეხვედრა მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარდა და ყველაზე მეტს მერაბიშვილი საუბრობდა. თათბირს დათა ახალაია, დავით კეზერაშვილი, მაშინდელი კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი ესწრებოდნენ. გიგი უგულავა გავიდა და მგონი ერთხელ შემოვიდა. თათბირზე გუბერნატორები იყვნენ. კიდევ შეიძლება ამირან მესხელი ყოფილიყო, ზუსტად ვერ გეტყვით, ის სახეზე არც შემდეგ მინახავს და არც მანამდე. იმ დროს მიტინგები დაშლისკენ მიდიოდა, მაგრამ სამომავლოდ, რომ ამ ხალხს პოლიტიკურად აღარ ეაქტიურა და დაშინებულიყვნენ, თბილისსა და რეგიონებში მათი ცემა დაიგეგმა. გარდა ამისა, ე.წ. ცნობილი ადამიანები (მომღერლები, სპორტსმენები, ბიზნესმენები და სხვ.) უნდა დაეშინებიათ“, - ამბობს ვასილ მაღლაფერიძე.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის საკითხს, მაღლაფერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იქ არ ყოფილა და არც არავის უხსენებია.

„მაგრამ, ჩავთვალე, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ეს არ მოხდებოდა. შესაბამისად, მიშას არ დავურეკე და არ ვუთხარი, რომ მის ზურგს უკან ძალოვანი მინისტრები იყვნენ შეკრებილები. მეც და ალბათ სხვამაც ჩათვალა, რომ ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული იყო. ვერაფრით დავიჯერებ, რომ გუბერნატორებთან ამ ტიპის საუბარი მიშას გარეშე ვინმეს გაებედა. ეს პრეზიდენტის ჩამოგდების ტოლფასი ქმედება იქნებოდა. გამოდიოდა, რომ ძალოვანი სტრუქტურები პრეზიდენტის გარეშე მოქმედებენ“, - აღნიშნავს მაღლაფერიძე.  

მაღლაფერიძის ინფორმაციით, „თათბირი გუბერნატორებისთვის ჩატარდა. საუბარი ეხებოდა იმას, რომ თბილისის მიტინგიდან რეგიონებში ჩასული ხალხი უნდა გაელახათ. ბევრჯერ იყო იმის შესახებ საუბარი, რომ გალახული კაცი ჩმორია და ავტორიტეტი აღარ აქვს. ის მეორედ აქტიურობას აღარ მოინდომებდა. ამ მიმართულებით სოდ-ი თუ კუდ-ი იმოქმედებდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მოსალოდნელი რეპრესიების შესახებ გუბერნატორები საქმის კურსში ჩააყენეს. თავისთავად გუბერნატორებს რეპრესიული მექანიზმი არ ჰქონდათ“, - თქვა მაღლაფერიძემ.

როგორც მაღლაფერიძე ამბობს, მისი აზრით, ხელისუფლებასთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა, იმიტომ, რომ ისინი ზღვარს მიღმა იყვნენ. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, თათბირის დეტალები მან მეორე დღეს ჩანაწერში აღწერა.

„გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მემოქმედა და ამ პროცესისთვის წინააღმდეგობა გამეწია. თათბირის შესახებ ომბუდსმენს ვუამბე. სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და საგამოძიებო კომისიის შექმნა სთხოვა, თუმცა დარბაზში ოთხი დეპუტატი იყო და მას სიცილი დააყარეს. ბევრი მცდელობა იყო, რომ ამ საკითხს სამართლებრივი გზა მისცემოდა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ეს ჩანაწერი თომას ჰამარბერგს და პიტერ სემნებს გადავეცით“, - ამბობს მაღლაფერიძე.

ყოფილი გუბერნატორი აღნიშნავს, რომ მან დაახლოებით ორი კვირის წინათ პროკურატურაში ყოფნისას დაადასტურა, რომ 2007 წლის 5 ნოემბერს ჩანაწერი სოზარ სუბარს გადასცა.

პროკურატურის განცხადების თანახმად, „2007 წლის 4 ნოემბერს, მ.სააკაშვილის დავალებით, შსს-ს შენობაში, ივანე მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავად მერაბიშვილი. თათბირს ესწრებოდნენ  გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის  მინისტრი დავით კეზერაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის  უფროსი დათა ახალაია, თბილისის  მერი გიგი უგულავა, და გუბერნატორები. ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე თათბირზე გადაწყდა, რომ უნდა შეედგინათ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა სია, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხის ცემა და სხვადასხვა გზებით, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებით მათი დაპატიმრება. ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის უნდა „მიეხედა“ ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს და იმჟამად თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს. ი.მერაბიშვილმა თათბირის დროს წამოსთქვა შემდეგი შინაარსის ფრაზები: "გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, ცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება“. 

თათბირზე ივანე მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება - ადამიანების დაშინების, ცემისა და დაპატიმრების შესახებ სისრულეში მოყვანილ იქნა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაიცა ბრძანება აქციის დარბევის თაობაზე“.

კომენტარები