მიხეილ სააკაშვილის საქმე

პეტრიაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კანონის წინაშე ყველა იყოს თანასწორი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კანონის წინაშე ყველა იყოს თანასწორი. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 49-ე სხდომის დაწყებამდე ალექსი პეტრიაშვილი მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენების შესახებ ამერიკელი სენატორების შეშფოთებას გამოეხმაურა.

"დღეს გვაქვს სხდომა, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე, ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციაზე, რომლის ძალიან დიდი ნაწილი უკავია კანონის უზენაესობას, სამართლიანობას, სამართალს და კანონის წინაშე თანასწორობას. ამიტომ, ერთ კონკრეტულ, თუნდაც უმაღლეს, ყოფილ თანამდებობის პირის ინდივიდზე ამდენ ფოკუსირებას, ჩემი აზრით, აზრი არ აქვს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა მოქმედება კანონის შესაბამისად უნდა ჩატარდეს. 

"ამერიკელი სენატორების, მეგობრების, პარტნიორების რჩევებს ვითვალისწინებთ და, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კანონის წინაშე ყველა იყოს თანასწორი და სამართლიანობა იყოს უზრუნველყოფილი", - თქვა სახელმწიფო მინისტრმა. 

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 49-ე სხდომას, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში მიმდინარეობს, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობს.

ცნობისთვის, სენატორების ბენ კარდინის (დემოკრატი), ჯონ მაკკეინის (რესპუბლიკელი), ჯინ შაჰინის (დემოკრატი) და ჯიმ რიშის განცხადებით, "ქართველი ლიდერები ღრმად და სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა. დღევანდელი მოქმედება, სხვა მოქმედებათა მსგავსად, ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობის წინსვლას".

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს კი, ბრალდება საპატიმრო დაწესებულებებში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები