გიგი უგულავას საქმე

ჯოზეფ კეი: სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, ტელეიმედი დავთმე

"სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, ტელეიმედი დავთმე", - სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეიმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე SKYPE-ით დაკითხვისას, პროკურატურის მთავარმა მოწმემ ჯოზეფ კეიმ განაცხადა. 

ჯოზეფ კეიმ დაკითხვისას თქვა, რომ 2007 წელს, "როდესაც ქვეყანაში სიტუაცია აირია" და ბადრი პატარკაციშვილი კენჭს იყრიდა პრეზიდენტობაზე, მას ხელისუფლებამ წაუყენა ულტიმატუმი, რის საფუძველზეც იძულებული გახდა, "ტელეიმედი" გაესხვისებინა. როგორც კეი აცხადებს, ბადრი პატარკაციშვილმა მას შესთავაზა ხუთი წლით ტელევიზია და დაჰპირდა, რომ ხუთი წლის შემდეგ დახარჯულ თანხას უკან დაუბრუნებდა. ჯოზეფ კეის განცხადებით, იგი ამაზე დათანხმდა. მოწმის მტკიცებით, მას საქართველოში ინვესტიციები განხორციელებული ჰქონდა 2004-დან 2007 წლამდე, რაც დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამ პერიოდში, კეის განცხადებით, მას ურთიერთობები ჰქონდა ხელისუფლებასთან.

რაც შეეხება ტელეიმედის საქმეს, როგორც კეი ამბობს, ბადრი პატარკაციშვილთან ერთად, ტელეიმედის მის მმართველობაში გადაცემის შესახებ საუბარი შედგა კანცელარიაში, რომელსაც ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილი. 

"მერე ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა, ხელისუფლებიდან მომივიდა მესიჯები, რომ ის მოლაპარაკებები, რომელიც დაწყებული იყო ტელეიმედის თემაზე, უნდა დამესრულებინა და ბოლომდე მიმეყვანა. ასე აღმოვჩნდი ტელეიმედის მფლობელი", - განაცხადა ჯოზეფ კეიმ, რომელიც SKYPE-ით ნიუ იორკიდან ერთვება. 

კომენტარები