ბაჩო ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი, რომელიც მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდს ეხება.

კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი სამ ეპიზოდზე - სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების კოლექტიური დასჯა, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმე და ვაზიანის ბრიგადაში ზურაბ შამათავას მიერ ერთ-ერთი ოცმეთაურის პაატა პაატაშვილის ცემა სხვა ჯარისკაცების თვალწინ.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს ე.წ. ვაშლის თლის ეპიზოდთან, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა წამების ბრალდებებთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე 2013 წლის 31 ოქტომბერს ასევე გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის შემოდგომაზე ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა წამების ნაწილში ბრალდებულად ცნო. ახალაიას, ამნისტიის შედეგად, სასჯელის საბოლოო ზომად მიესაჯა პატიმრობა 3 წლითა და 9 თვის ვადით, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსლების გადამეტების ნაწილში (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი) უდანაშაულოდ ცნო. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაია შეიწყალა, პროკურატურამ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ახალაია უდანაშაულოდ იყო ცნობილი. 2014 წლის 14 თებერვალს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი.

რაც შეეხება მიმდინარე საქმეებს, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სასამართლოში სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებული საქმე 2013 წელს შევიდა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 26 ოქტომბერს შეუფარდა. 

ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას მთავარმა პროკურატურამ 2014 წელს კიდევ ერთი ბრალი წაუყენა პატიმართა წამებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. მთავარი პროკურატურის ცნობით, დანაშაული 2006 წელსაა ჩადენილი, როცა ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, მეგის ქარდავა კი მე-7 საპყრობილის დირექტორი. მათ ბრალი წაუყენეს საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

ბოლო ბრალი კი, ბაჩო ახალაიას მთავარმა პროკურატურამ 2 ივლისს, სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე წაუყენა. 

ყოფილი მინისტრი ყველა წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

კომენტარები