ტელეკომპანია GDS

GDS: ვადასტურებთ, რომ თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ბიძინა ივანიშვილია

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапов / Forbes

ტელეკომპანია GDS ადასტურებს, რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იქნება. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თოქ-შოუ მაუწყებლობის ბადეში, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან ჩაჯდება. ამასთან, GDS არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, აღნიშნული პროექტი საზოგადოებრივ მაუწყებელს ან რომელიმე კერძო ტელევიზიას გადაეცეს.

"ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ბ-ნი ბიძინა ივანიშვილია. თოქ-შოუ, საეთეროდ “GDS Production”-ს უნდა დაემზადებინა. განიხილებოდა მისი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსება, თუმცა ამას, შესაძლოა, გარკვეული კითხვები გამოეწვია საზოგადოებაში, ამიტომ, გადაცემის იდეის ავტორთან შეთანხმებით, გადაწყდა ალტერნატიულ ვერსიებზე მუშაობა. ამ ვერსიებიდან, ყველაზე სწრაფად და მარტივად (ზედმეტი კითხვების გარეშე) პროექტზე მუშაობის დაწყება ტელეკომპანია GDS-ს შეეძლო, ამიტომ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით, მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროექტი გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ან სხვა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას, ხოლო GDS TV დაუბრუნდეს მაუწყებლობის პირვანდელ ფორმატს", - აცხადებს GDS და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

"მანამდე კი, ტელეკომპანია GDS საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავოს დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - აცხადებს ტელეკომპანია.

კომენტარები