ტელეკომპანია GDS

ქუმსიშვილი: გოგა ხაინდრავას ათონელის რეზიდენცია საიდუმლო კონტრაქტით გადაეცა

ათონელზე მდებარე რეზიდენცია დღეს გადასაღებ მოედნად არის ქცეული. შენობას გაძლიერებული დაცვა ემსახურება, შიგნით კი მხოლოდ სპეციალური საშვის მქონეებს უშვებენ. შენობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ გასულ წელს დაანონსებულ სერიალს - ცხრას პლუს ერთს - იღებენ. ტაბულა შეეცადა გაერკვია, აქვს თუ არა სერიალის გადამღებ კომპანია შპს ლე ხაინდრაო პროდაქშენს გადაღების ნებართვა და რა საფასურის სანაცვლოდ გადაეცა მას ათონელის რეზიდენცია. 

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ გოგა ხაინდრავას კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალების შესახებ ის ვერ ისაუბრეს, რადგანაც რეზიდენციას საიდუმლო ობიექტის სტატუსი აქვს და სამინისტროს მასთან დაკავშირებული დეტალების გამხელის უფლება არ აქვს. შესაბამისად, რა პირობებითაც გოგა ხაინდრავამ რეზიდენციაში გადაღების უფლება მიიღო, საიდუმლოა.

"ათონელზე ზედმეტი კომენტარი რომ არ გამაკეთებინოთ, როგორც ვიცი, კონტრაქტი საიდუმლოა. აქედან გამომდინარე, სანამ არ დავადგენ ამ მიმართულებას, იქამდე სრულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თვითონ ობიექტი არის საიდუმლო", - ამბობს ქუმსიშვილი.

სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ კანონის მეშვიდე მუხლის მეოთხე ნაწილის ბ) ქვეპუნქტის მიხედვით, ცნობები სამთავრობო რეზიდენციების შესახებ საიდუმლოა. იმისდა მიუხედავად, რომ ათონელის რეზიდენციას ამ დროისთვის არცერთი უწყება არ იყენებს, მას რეზიდენციის სტატუსი აქვს და ამიტომაც მასთან დაკავშირებული დეტალები შეიძლება გასაიდუმლოვდეს. 

სერიალის ინსპირაცია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელიწადია. მისი გადაღების დასრულებას ხაინდრავა გაზაფხულის ბოლოს გეგმავს. პრემიერა, სავარაუდოდ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შედგება.

კომენტარები