ტელეკომპანია GDS

ათონელის რეზიდენცია გადასაღებ მოედნად გოგა ხაინდრავას მთავრობამ გადასცა

საქართველოს მთავრობა

ათონელზე მდებარე რეზიდენცია დღეს გადასაღებ მოედნად არის ქცეული. შენობას გაძლიერებული დაცვა ემსახურება, შიგნით კი მხოლოდ სპეციალური საშვის მქონეებს უშვებენ. შენობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ გასულ წელს დაანონსებულ სერიალს - ცხრას პლიუს ერთს იღებენ. სერიალის რეჟისორი გოგა ხაინდრავაა გადაღებებს კი ტელეკომპანია GDS-ის დაკვეთით, შპს ლე ხაინდრაო პროდაქშენი ახორციელებს.

ტაბულა შეეცადა გაერკვია აქვს თუ არა სერიალის გადამღებ კომპანია შპს ლე ხაინდრაო პროდაქშენს გადაღების ნებართვა და რა საფასურის სანაცვლოდ გადაეცა მას ათონელის რეზიდენცია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ლე ხაინდრაო პროდაქშენს ათონელის რეზიდენცია გადასაღებ მოედნად მთავრობის განკარგულებით გადაეცა. თუმცა სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას, გადაიხადა თუ არა რაიმე გადასახადი ლე ხაინდრაო პროდაქშენმა რეზიდენციის გადასაღებ მოედნად გადაქცევაში.

"შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენმა" ათონელის N25-ში მდებარე შენობაში გადაღებების წარმოების ნებართვის მიღების თხოვნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" მიმართა. სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად, აღნიშნული საკითხი განსახილველად საქართველოს მთავრობის სხდომაზე გავიდა. იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას არაერთხელ გაუცია ნებართვა სხვადასხვა შემოქმედებითი თუ სარეკლამო ჯგუფებისთვის გადაღებების ხელშეწყობისთვის, შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენის" შემთხვევაშიც აღნიშნული პრაქტიკით იხელმძღვანელა და კომპანიის თხოვნა ათონელის N25-ში მდებარე შენობაში გადაღებების ნებართვის მიღების თაობაზე დააკმაყოფილა." - წერია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. 


ფოტო: საქართველოს მთავრობა

სერიალის ინსპირაცია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელიწადია. მისი  გადაღების დასრულებას ხაინდრავა გაზაფხულის ბოლოს გეგმავს. პრემიერა, სავარაუდოდ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შედგება.

კომენტარები