გიგი უგულავას საქმე

სააკაშვილი: უგულავაზე ყველანაირი იურიდიული პროცედურის დარღვევა მოხდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით ყველა სამართლებრივი პროცედურა დაირღვა. სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ სასამართლომ, სანამ უგულავას დააპატიმრებდა, ორი დღით დააფიქსირა, არ არსებობდა არც ერთი გარემოება მის დასაპატიმრებლად.

"მე იურისტი ვარ და ეს არის ანი და ბანი იურიდიული მეცნიერების, რომ ორი დღით ადრე, თუ ამ ბოლო 48 საათში არაფერი არ შეიცვალა, ერთი სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე, იმავე დონის სასამართლო ვერ გააუქმებს. ყველანაირი იურიდიული პროცედურის დარღვევა მოხდა. მაგრამ ეს ცალკე თემაა. დაიჭირეს რაზე? მარნეულის საარჩევნო კომისიაში შევარდნაზე. მარნეულში საარჩევნო კომისიაში რომ ყალბდებოდა არჩევნები, ეს არის გადაღებული ვიდეოზე. არჩევნები გაყალბდა. ეს გამყალბებლები არა მხოლოდ არავის დაუჭერია, არც არავის დაუკითხავს. ის, რომ ამაზე მოახდინა რეაგირება უგულავამ, სასამართლომ გამოიტანა დაპატიმრების განაჩენი", - თქვა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, შეიძლება, ვინმეს არ მოსწონდეს გიგი უგულავა, მაგრამ მათაც კი, ვისაც არ მოსწონს, იციან, რომ მისი დაკავების საფუძველი თავიდან ბოლომდე ყალბია.

"ისინი უშვებენ იმას, რომ სიყალბით, ძალდატანებით და სიცრუით შეიძლება პოლიტიკური მიზნის მიღწევა. არც ერთი კარგი პოლიტიკური მიზანი არ მიიღწევა სიცრუით და სიყალბით. ვინც ამას იყენებს, ამთავრებს ძალიან ცუდად და ჩქარა 21-ე საუკუნეში", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა. უგულავას ადვოკატები გოგინაშვილის აცილების შესახებ შუამდგომლობას აყენებდნენ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 2 ივლისს საქალაქო სასამართლომ სიტი პარკის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას პროკურატურის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გიგი უგულავას მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. 4 ივლისს ფინანსურმა პოლიციამ თბილისის ყოფილ მერს ახალი ბრალი წაუყენა, მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ბრალდება.

კომენტარები