გიგი უგულავას საქმე

ხარატიშვილი ბადაშვილს: შეწყვიტეთ შერჩევითი სამართლის პრაქტიკის დამკვიდრება

facebook.com

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე და პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს. ის მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით გიგი უგულავასთვის წარდგენილ ბრალს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სხვა უფრო მძიმე ძალადობრივ ქმედებებს რეაგირება არ მოჰყოლია, თბილისის ყოფილი მერისთვის ბრალის წარდგენას საზოგადოება ცალსახად განიხილავს პოლიტიკურად მოტივირებულ მორიგ პრეცედენტად.

"მინდა შეგახსენოთ, რომ უფრო მძიმე ძალადობრივ ქმედებებს ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან მასობრივად ჰქონდა ადგილი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ დღეებში 30-მდე ანუ ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ვერ გაიმარჯვა საარჩენო ბლოკი ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატებმა. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცესკოს ოფიციალურ განცხადებებსა და ახალი ამბების არქივში 2012 წლის 3-დან 15 ოქტომბრამდე პერიოდში. არცერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევებს არ მოჰყოლია მოძალადეებისათვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრებაც კი. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში უახლესი წარსულში არსებობს მრავალი პრეცედენტი, როდესაც დეპუტატისთვის ან სამართალდამცველისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ისჯება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით რამდენიმე ასეული ლარის ოდენობით. ასეთ პირობებში პროკურატურის მიერ ბატონ გ.უგულავასათვის ბრალის წარდგენა საზოგადოების მიერ ცალსახად განიხილება როგორც პოლიტიკურად მოტივირებული მორიგი პრეცედენტი. ზემოთქმულიდან მოგიწოდებთ, რომ შეწყვიტოთ შერჩევითი სამართლის პრაქტიკის დამკვიდრება და გამოიყენოთ მხოლოდ ერთგვაროვანი მიდგომა პოლიტიკური მოტივაციის გარეშე, ხოლო ბატონ გ.უგულავას მიმართ აღნიშნულ ეპიზოდზე დაუყონებლივ შეწყვიტოთ სამართლებრივი დევნა" - აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი.

თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან ერთად,  იძულებასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასაც ედავება. საქმე 5 ივნისს მარნეულში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა. გიგი უგულავა და პარტიის სხვა ლიდერები სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლომ ცესკოს გადაწყვეტილება არაკაონიერად ცნო და აკმამედ იმამკულიევი რეგიტრაციაში დატოვა. დღეს დილით გიგი უგულავას ადვოკატი საუბრობდა, რომ საქმის მასალებში სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ დევს.

კომენტარები