გიგი უგულავას საქმე

ევროკავშირი: უგულავას პროცესი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას საგანგებო განცხადებით ევროკავშირი გამოეხმაურა.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს გიგი უგულავას დაკავებას თბილისის აეროპორტში 3 ივლისს. აღვნიშნავთ, რომ გიგი უგულავა, რომელსაც თბილისის მერის უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დროს ოპოზიციის კამპანიის ხელმძღვანელია. გავიხსენებთ პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის მიერ 14 აპრილს გაკეთებულ განცხადებას საარჩევნო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასა და სამართლებრივ დევნაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ", - ნათქვამია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის პრესსპიკერის განცხადებაში.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ სასამართლო პროცესი სრულიად დამოუკიდებელი, გამჭირვალე და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი იყოს, საქართველოს იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც მან 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას აიღო", - ნათქვამია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებამ ედება. პროკურატურა თბილისის ყოფილი მერისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

კომენტარები