გიგი უგულავას საქმე

სააკაშვილი: საქართველო გამოიყურება ცუდად და არამხოლოდ საქართველოს მთავრობა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას დაკავებას კიევში გამოეხმაურა. მისი თქმით, უგულავას სხვა ქვეყანაში დარჩენის სურვილი არასდროს ჰქონია. ამასთან, სააკაშვილმა ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას დაკითხვა და "აზერბაიჯანში ქართველი დეპუტატების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შესახებ გავრცელებული ინსინუაციები" გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოს საკითხი არ არის და ეხება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებსაც. 

"საქართველო გამოიყურება ცუდად და არამხოლოდ საქართველოს მთავრობა. ასე, დიდი ხანია, აღარავინ მოქმედებს ცივილიზებულ სამყაროში. პოლიტიკური პროცესი არის პოლიტიკური პროცესი. რა თქმა უნდა, კანონის მაღლა არავინ დგას და არავინ იქნება, მაგრამ პოლიტიკური პროცესს ჩანაცვლება პროკურატურის და სასამართლოს მანიპულაციებით, ყველგან მოკლევადიანია და ყველან მთავრდება ძალიან ცუდად. ჩვენ არ გვჭირდება საქართველოში ექსცესები და შემდგომი გართულებები, ისედაც რთულ მდგომარეობაშია ქვეყანა ბევრი ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გამო. ეს ყველაფერი გაივლის და ცუდად დაუმთავრდება მათ, ვინც ამას აკეთებს. მაგრამ მე არ მინდა, რომ იმათ ცუდად დამთავრებას გადაყვეს ქვეყნის ინტერესებიც და ქვეყანას წაუვიდეს საქმე ცუდად. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდები, მაგრამ ამავდროულად ძალიან მობილიზებულები და ყველას ვაჩვენოთ, რომ საქართველო არ არის მხოლოდ მანიპულატორები და ასეთი ქმედებების დამგეგმავ-შემსრულებლები. რომ საქართველო არის გაცილებით მაგარი ხალხის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცივილიზებულად პოლიტიკური ბრძოლის, საარჩევნო  კამპანიის, დებატების წარმოება, ერთმანეთთან ურთიერთობა და არ გადააყოლებს საკუთარ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებს და მომავალს", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ "გიგი უგულავა დადიოდა წინ და უკან, ხალხს ხვდებოდა, ბრუნდებოდა, არასოდეს არ დარჩენია სურვილიც კი სადმე დარჩენის".

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, "თუ ვინმეს ჰგონია, რომ უგულავას დაკავებით რაღაც პოლიტიკური პროცესი ჩაიშლება, არჩევნებში გარდატეხა მოხდება, ხალხი დაშინდება და სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს ან ერთ ადამიანზე დგას ეს დიდი იდეა და მოძრაობა, არის ძალიან მდარე და არასწორი აზროვნება". სააკაშვილის განცხადებით, ეს არის ბევრად დიდი იდეა - ადამიანებზე დიდი.

"ადამიანები შეიძლება იცვლებოდნენ, ხალხი ერთმანეთს ანაცვლებდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქართველოს წინსვლას, საქართველოს აღმშენებლობის და განვითარების იდეას ვერანაირი მანიპულაციები ვერ შეაჩერებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ისინიც, ვინც ასეთ რაღაცეებს აკეთებენ, რაც უფრო მალე გაიგებენ ამას, მით უფრო კარგი იქნება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც", - თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ის დღეს დილით კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს. უგულავა ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება.

გიგი უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიფრინავდა. ის უკან დაბრუნებას დღეს საღამოს აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ენმ-ის საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა უკანონო ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ამავე ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი, ხოლო ლატარიის კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელ ალექსანდრე გოგოხიაზე ძებნაა გამოცხადებული. უგულავასთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

კომენტარები