ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ენმ-ის საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა უკანონო ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ამავე ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი, ხოლო ლატარიის კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელ ალექსანდრე გოგოხიაზე ძებნაა გამოცხადებული. უგულავასთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე საგამოძიებო სამსახურის პრესსპიკერმა გიორგი გრძელიშვილმა თქვა, "გიგი უგულავა, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, დანაშაულში ჩართულ სხვა წევრებთან ერთად, მათ შორის, ამავე საქმეზე დაკავებულ მის ქვისლ გიორგი ღონიაშვილთან და ლატარიის კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელთან, დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორ ალექსანდრე გოგოხიასთან ერთად ახორციელებდა ერთერთი ოფშორული კომპანიიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ შავი ფულის მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანას, რაც შემდგომში უნდა მოხმარებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას".
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, საერთო ჯამში, ოფშორული კომპანიიდან საქართველოში, ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე ფულის გათეთრების გზით უნდა გადმორიცხულიყო 1 500 000 დოლარი, "ხოლო გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განხორციელდა მხოლოდ 760 000 დოლარის გამორიცხვა". ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული თანხა უგულავამ პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა.
"ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიიდან, ექსიმუს ჰოლდინგიდან, რომლის დირექტორიც არის ბრალდებულის სახით ძებნილი ალექსანდრე გოგოხია, ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე თანხა ირიცხებოდა ასევე ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის, ბრუქთრეიდის ანგარიშზე, საიდანაც ფიქტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უკვე ხვდებოდა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში, ხდებოდა აღნიშნული თანხის კონვერტაცია და გიორგი ღონიაშვილზე გადაცემა. პატიმრობაში მყოფი ღონიაშვილი, თავის მხრივ უკანონო შემოსავალს გადასცემდა გიორგი უგულავას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გიგი უგულავა დაკავებულია სსკ-ის 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს პატიმრობას 9-დან 12 წლამდე ვადით.




