ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გიგი უგულავასთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ როდესაც კორუფციული დანაშაული იხსნება და საქმე ეხება საჯარო მოხელეობისას ჩადენილ უკანონო ქმედებებს და საგამოძიებო უწყება ხალხის ფულის გაფლანგვა-მითვისებაზე საუბრობს, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი ვერ იქნება.
დეპუტატის თქმით, საგამოძიებო უწყების მხრიდან საუბარია კონკრეტულ ბრალდებებზე, სადაც მოწმეები უგულავას ასახელებენ, როგორც თბილისის მერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ პირს.
ბესელიას თქმით, საგამოძიებო უწყებამ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად. "ვფიქრობ, გამოძიება სამართლიანობის პრინციპის დაცვით წარიმართება. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც გამორჩეული პოლიტიკური ელიტა ჩაიდენდა დანაშაულს და უდანაშაულო ადამიანებს სჯიდნენ. დღეს კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ახალი საქმეები იხსნება და ბრალდებულებად სახელდებიან კონკრეტული პირები, რომლებიც წარსულში სხვადასხვა თანამდებობებზე იმყოფებოდნენ, რაც კანონის უზენაესობაზე მიუთითებს. სწორედ ეს არის კანონის წინაშე თანასწორობისა და სამართლიანობის დამკვიდრების ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი. დანარჩენი საგამოძიებო უწყებების საქმეა", - მიაჩნია ეკა ბესელიას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროს გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს. გიგი უგულავას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს City Park-სა და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. როგორც უწყებაში განმარტავენ, უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით გაფლანგა სახელმწიფო კუთვნილი 1 086 718 ლარი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.





