გიგი უგულავას საქმე

უგულავა: ამ ბრალდებას ჰქვია პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გადარჩენის მცდელობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსის გიგი უგულავას შეფასებით, მისთვის წაყენებული ბრალდება "პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გადარჩენის მცდელობაა". როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს უთხრა, ბრალდება, რომელიც მას დღეს წაუყენეს, სრულიად აბსურდულია.

"ამ ბრალდებას ჰქვია პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გადარჩენის მცდელობა. ამას სრულიად გადაუჭარბებლად ვამბობ. ჯერ საქმის ბრალდება არ გადმოუციათ, აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან და თვითონვე არ იციან, რა უნდათ. ეს არის იმდენად ყურით მოთრეული და უაზრო ბრალდება, რომ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. რაღაც შტრიხკოდებზე მსჯელობენ, რომლებზეც მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს. ამით არ ვამბობ იმას, რომ სხვა ვინმეს აქვს წარმოდგენა და სხვა ვინმეა დამნაშავე. ამ საქმეში დამნაშავე არავინ არ არის და არავის არ ჩაუდენია დანაშაული. ეს არის ცვედანის და იდიოტის მიერ წარმოებული პაირკამპანია დავით ნარმანიას სასარგებლოდ", – განაცხადა გიგი უგულავამ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.

"თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე სიტი პარკისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 1 086 718 ლარი. საქმეზე გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოსადმი მიმართვის გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს.

კომენტარები