ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს დატოვებას უკრძალავს. როგორც უგულავამ საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ თქვა, დაკითხვაზე ყოფნისას შეადგინეს ოქმი, რომლის მიხედვითაც, მას ქვეყნის დატოვება ეკრძალება. ბრალდებულის და მისი ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ასეთი ოქმის შედგენა უკანონოა, რადგან ამის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს.
"ასეთი ვალდებულების დაწესების უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს. არც გამომძიებელი და არც პროკურორი არ არიან უფლებამოსილები, რომ ისეთი პირი გააფრთხილონ - არ დატოვოს საქართველოს საზღვრები, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს არ უმსჯელიათ საქართველოს ტერიტორიიდან გაუსვლელობის შესახებ. ბრალდების მხარე საკუთარ უფლებამოსილებებს აჭარბებს და აწესებს იმ ტიპის მოთხოვნებს, რისი მოთხოვნის უფლებაც არ გააჩნიათ", - აცხადებს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
ამასთან, თბილისის ყოფილი მერის ინფორმაციით, მის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე კობა ბექაურია. უგულავას თქმით, კობა ბექაურის ჩვენების ნაწილი, ისევე როგორც საქმის სხვა ნაწილები, მათ არ გადასცემიათ.
"მთავარი მოწმე არის ბექაური, რომ გავიგე ბექაური იყო, ხუთი წუთით ვფიქრობდი საერთოდ რა კავშირშია ამ საქმესთან. საქართველოში სელექციური მართლმსაჯულება კი არ არის, საქართველოში ცინიკური მართლმსაჯულებაა. ეს მოდის ერთადერთი ადამიანისგან, მისი სახელია ბიძინა ივანიშვილი. ის დასცინის თბილისელებს. ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს", - განაცხადა უგულავამ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი დღეს წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.
გიგი უგულავას განცხადებით, მისი დაკითხვაზე დაბარებით მთავრობამ წინასაარჩევნო მორატორიუმი დაარღვია. ამასთან, გიგი უგულავას თქმით, ის საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა ლორდ ჰარისთან, უკრაინაში - კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსთან, ხოლო მოლდოვაში ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის სხდომაში უნდა მიეღო მონაწილეობა.





