საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსის გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაბარება, საზღვარგარეთ მის დაგეგმილ გამგზავრებას უკავშირდებოდეს. წულუკიანის თქმით, უგულავას საკითხს უწყებათაშორისი კომისიის ხვალინდელ სხდომაზე განიხილავენ.
"ხვალ უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გვაქვს და განვიხილავთ ამ საკითხსაც. თუ გაირკვა, რომ ბატონ უგულავას სურდა ქვეყნის დატოვება, როგორც თავად აღნიშნა, არ გამოვრიცხავ, რომ ამის საპასუხო რეაქცია იყო მისი დაბარება საგამოძიებო სტრუქტურაში. მორატორიუმი არ არის იმუნიტეტი, პრივილეგია, ეს არის საშუალება იმისა, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივისტს მიეცეს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება. თუ უგულავა მიბრძანდებოდა საზღვარგარეთ, არა მგონია, რომ იქ საარჩევნო კამპანიის გამართვას გეგმავდა. მაგრამ ეს საკითხი განსახილველია და ამ თემაზე ხვალ ვიმსჯელებთ”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.
"თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე სიტი პარკისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 1 086 718 ლარი. საქმეზე გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით" - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოსადმი მიმართვის გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს.
ცნობისთვის, გიგი უგულავა ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება. ქართული ოცნების პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის თქმით, უგულავა მოწმის სახით დაიბარეს. უგულავას განცხადებით კი, მისი დაკითხვაზე დაბარებით მთავრობამ წინასაარჩევნო მორატორიუმი დაარღვია. ამასთან, გიგი უგულავას თქმით, ის საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა ლორდ ჰარისთან, უკრაინაში - კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსთან, ხოლო მოლდოვაში ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის სხდომაში უნდა მიეღო მონაწილეობა.





