რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ფანჯიკიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "სანამ სამი წინაპირობა არ შესრულდება, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი არ იქნება". დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფანჯიკიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას. 

"ბატონი კარასინის და, საერთოდ, რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადება, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას, ჩვენ ადრეც მოგვისმენია და ადრეც გამიკეთებია კომენტარი. იმ პირველი გაკეთებული კომენტარიდან დღემდე არაფერი არ შეცვლილა, საქართველო ვერ გადადგამს რუსეთის მიმართულებით დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენ ნაბიჯს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, იმიტომ, რომ საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ასევე, იმის გამო, რომ ცხინვალსა და სოხუმში რუსეთს დიპლომატიური წარმომადგენლობები აქვს, სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ, ასევე არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაია ფანჯიკიძის თქმით, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რაც შესრულდება 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მოხდება დეოკუპაცია და აღიარების უკან წაღება. საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ არცერთი ფორმატი, რომელიც დღეს რუსეთთან არსებობს, იქნება ეს ჟენევის მოლაპარაკებები თუ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, არ განიხილავს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს. 

კომენტარები