საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასენით, ბოლო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან საქმიანი და პიროვნული ურთიერთობა არ შეცვლილა. დღევანდელ ბრიფინგზე სერგეენკო პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, მთავრობამ პრეზიდენტისგან დინსტანცია დაიჭირა. დავით სერგეენკოს თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებით, არანაირ განცხადებას არ ჰქონია გავლენა. მისივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვდა, როდესაც საპატრიარქოს ეგიდით გამოფენა ჩატარდა.
"ცალსახად გიდასტურებთ, რომ არანაირ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობაში, მითუმეტეს დისტანცირებაზე, არ ჰქონია გავლენა. ის არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე, ჩემი ჩათვლით, პატივს სცემს და ჩვენი ურთიერთობა, როგორც საქმიანი, ასევე პიროვნული არ შეცვლილა ბოლო პერიოდში", - აღნიშნა დავით სერგეენკომ და დასძინა, რომ დისტანცირებისა და ცვლილებების ილუზია გაჩნდა, რადგან ქვეყნის მართვა გადავიდა ახალ კონსტიტუციურ მოდელზე, სადაც პრეზიდენტს განსხვავებული ვალდებულებები და ფუქციები აქვს.
"ჩემი აზრით, შეხედულება, რომ რაღაც დისტანცირება ხდება, გამოწვეულია საკონსტიტუციო ცვლილებებით. უბრალოდ, შეიცვალა ფორმატი საქართველოს პრეზიდენტის და ის ისე აქტიურად რეალურ აღმასრულებელ საქმიანობაში აღარ ერევა და აღარ უნდა ჩაერიოს. ამ ურთიერთობას მე დავარქმევდი სახელმწიფოებრივ და კონსტიტუციურ ფორმატში საქმიან ურთიერთობას, როგორც უნდა იყოს", - თქვა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა ე.წ. 4-5 მოღალატე მინისტრის თემასაც. დავით სერგეენკოს შეფასებით, წარმოუდგენელია მინისტრთა კაბინეტში მოღალატეების ძებნა.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის თქმით, "მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ გარკვეული დისტანცია დაიჭირა პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან". როგორც მაჭავარიანმა მაესტროს ცხრიანში თქვა, ბიძინა ივანიშვილის განცხადების გარდა, პრობლემას მთავრობასა და პრეზიდენტს შორის საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებით არსებული აზრთა სხვადასხვაობაც წარმოადგენდა. გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩევლის თქმით, "რეალურად ვხედავთ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება სახეზეა". ვანო მაჭავარიანის განცხადებითვე, "ღარიბაშვილის ადგილზე მე მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა". პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ "4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჰაერიდან მოტანილი არ არის".





