კრიზისი უკრაინაში

ტურჩინოვი: დონეცკის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილი ტერორისტებისგან გაწმენდილია

ria.ru

უკრაინელი სამხედროები ტერორისტებს უტევენ. ბრძოლები ქალაქ სლავიანსკის მიდამოებში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, სამხედროებმა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილი ტერორისტებისგან მთლიანად გაწმინდეს. გათავისუფლებულია ქალაქი კრასნი ლიმანი, განადგურებულია ტერორისტების მთავარი ბაზა.

უკრაინული სამხედრო წყაროების ცნობით, 300-ზე მეტი ტერორისტი განადგურებულია. უკრაინელ სამხედროებს შორის, ორი მებრძოლი დაიღუპა და 45 დაშავდა. ტერორისტების მეთაურმა იგორ სტრელკოვმა მიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ უკრაინულ ძალებს წინააღმდეგობას ვერ უწევს და გაკვირვებულია იმით, რომ რუსეთისგან ღია სამხედრო დახმარება ვერ მიიღო. სეპარატისტები რუსი ე.წ. მოხალისეების იმედად არიან. 

"ამჟამად, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ინტენსიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, ეს ნამდვილი გენოციდია. აქ არიან ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები, ჩრდილოეთ კავკასიიდან სხვა მოხალისეებს ველოდებით, ისევე როგორც რუსეთის სხვა რეგიონებიდან", - განაცხადა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ალექსანდრ ბოროდაიმ.

ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ ლუგანსკშიც, სადაც ასეულობით ტერორისტი სასაზღვრო ნაწილს და ეროვნული გვარდიის ბაზას დაესხა თავს. ისინი სამხედროებს საცხოვრებელი სახლებიდან ესროდნენ. ეროვნული გვარდია იძულებული გახდა ბაზა მიეტოვებინა, მესაზღვრეები კი პოზიციებს ინარჩუნებენ. 

რუსეთის ელჩმა გაეროში უკრაინის მიერ ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციის გააქტიურება დაგმო და ამ ნაბიჯს შეცდომა უწოდა. 

"ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ კიევის მიერ ძალის გამოყენების ესკალაციას. ეს აღმოსავლეთ უკრაინის მიმართ ძალზე მცდარი მიდგომაა. თუ სამხედრო ოპერაცია ასე გაგრძელდა, ეს პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის ძალიან ცუდი დასაწყისი იქნება", - აცხადებს ვიტალი ჩურკინი. 

კომენტარები