დამოუკიდებლობის დღე

პრემიერი: საქართველოს აქვს ამბიცია, რომ გახდეს ლიდერი რეგიონში

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებულია, რადგან საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ახალი იმედებით ხვდება. მისი განცხადებით, "სულ მალე ჩვენ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადავდგამთ ევროპასთან დაახლოების გზაზე - ზუსტად ერთ თვეში ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი". ღარიბაშვილს სჯერა, რომ საქართველო, როგორც თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, თავისი კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთო ევროპულ ოჯახში.

"საქართველოს წინ დიდი მომავალი აქვს. ჩვენ ავაშენებთ და გავაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. ეს სასარგებლო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის. საქართველოს აქვს იმის ამბიცია, რომ გახდეს ლიდერი რეგიონში და მჯერა, საქართველო ამას შეძლებს" - აცხადებს პრემიერი და აღნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარება პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიკეთესთან ერთად, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება.

"მჯერა, სწორედ ასე შემოვაბრუნებთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს ჩვენსკენ და აუცილებლად დადგება დღე, როცა ჩვენ ისევ ვილაპარაკებთ ერთ ენაზე, ისევ ვიცხოვრებთ გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში, ჩვენს საერთო სამშობლოში. მოახლოებული არჩევნები ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ შანსს აძლევს გადადგას ნაბიჯი წინ, დემოკრატიისკენ. ეს არჩევნები თითოეულ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას გაითავისოს, რომ ეს ქვეყანა მისია და თავად უნდა უპატრონოს მას" - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერი დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებით ულოცავს სამშვიდობო მისიების მონაწილე ჯარისკაცებს. ღარიბაშვილის თქმით, ისინი სამშობლოსგან მოშორებულები თავდადებით ემსახურებიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მომავალი თაობების უსაფრთხოებას.

"26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოსთვის. მთელი ჩვენი ისტორია ჩვენი დიდი წინაპრების თავგანწირული და ერთგული ბრძოლაა სამშობლოსთვის. საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც იდგა ქართველი ერი. თაობიდან თაობას გადაეცემოდა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სამშობლოს გათავისუფლების იდეა. ამ იდეისთვის იბრძოდნენ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია - 96 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს,ასრულდა ყველა ქართველის სანუკვარი ოცნება და ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მაშინ, საქართველოს დამოუკიდებლობა დიდხანს ვერ გაგრძელდა. თუმცა, ჩვენს ხალხს არ შეუწყვეტია ფიქრი სამშობლოს დამოუკიდებლობაზე. ყველა თაობა გულით და გონებით ატარებდა ამ იდეას" - აცხადებს პრემიერი და აღნიშნავს, რომ 23 წელია, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა.

"ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენ დიდი ისტორიის ერი ვართ. ისტორიულად ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ამიტომაც უნდა ავაშენოთ ევროპული ტიპის, დემოკრატიული სახელმწიფო, ისეთი, როგორიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ეკადრება. ცივილიზებული სახელმწიფოს ძლიერება, პირველ რიგში, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია, რომელთა განვითარება და ხელშეწყობა ხელისუფლების ვალდებულებაა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობა. თითოეული ადამიანის თავისუფლება და მისი უფლებების დაცვა დემოკრატიული ქვეყნის უმთავრესი ღირებულებაა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ღირებულებები საქართველოში იყოს დაცული" - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

კომენტარები