კრიზისი უკრაინაში

უკრაინის საგარეო უწყება მედვედევის ყირიმში ვიზიტს აპროტესტებს

mfa.gov.ua

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის პრემიერმინისტრის დმიტრი მედვედევის ყირიმში ვიზიტს აპროტესტებს და მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი ქმედებები წარმოადგენს უკრაინის და საერთაშორისო კანონმდებლობისა და სუვერენიტეტის უხეშ დარღვევას. უწყების განცხადებით, მედვედევის ვიზიტი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს არის თავხედობა და გამიზნული პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, რომელიც მიმართულია უკრაინაში დესტაბილიზაციისკენ და ეს არ მოდის შესაბამისობაში პრეზიდენტ პუტინის ნათქვამთან, რომ არჩევნები მშვიდობიან და წყნარ ატმოსფეროში უნდა ჩატარდეს.

სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გააუქმოს ყირიმის ანექსიის უკანონო გადაწყვეტილება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ორმხრივი შეთანხმებები. საგარეო უწყება რუსეთს ასევე მოუწოდებს, შეწყვიტოს ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების ხელშეწყობა უკრაინაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრემიერი დმიტრი მედვედევი ორდღიანი ვიზიტით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა.

კომენტარები