კრიზისი უკრაინაში

ტურჩინოვი: ანტიტერორისტული ოპერაციის ფინალური სტადია იწყება

ria.ru

"ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინაში ფინალურ სტადიაში შედის და ძალოვნებმა ტერორისტებისგან დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გაწმენდა უნდა შეძლონ", - ამის შესახებ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ოპერაციის მთავარ შტაბში განაცხადა. ტურჩინოვის თქმით, ძალოვნებმა რეგიონში 25 მაისის არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყონ. მისი განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთში ბოლო დროს უკრაინის ახალი ხელისუფლების მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდა. 

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ტერორისტებისა და დივერსანტებისგან გავწმინდოთ ჩვენი ქვეყანა, მთლიანად გავათავისუფლოთ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, რომ ყველა რეგიონში მშვიდობა დაბრუნდეს. რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ მშვიდად ცხოვრება და მუშაობა", - თქვა ტურჩინოვმა.

უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, გუშინ ქალაქ სლავიანსკის გარშემო სროლა გრძელდებოდა. თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ტერორისტები სამხედროებს საცხოვრებელი უბნებიდან ესროდნენ, რათა საპასუხო ცეცხლი გამოეწვიათ და კიევი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაედანაშაულებინათ. თავდასხმა მოხდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ლუგანსკის ოლქშიც, მესაზღვრეებმა ტერორისტების შეტევა მოიგერიეს. უკრაინულ წყაროებში ვრცელდება ცნობები ასევე ლუგანსკის ოლქში სამხედროებზე მოწყობილი თავდასხმის შესახებ, რომლის შედეგადაც 8 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. საბრძოლო მოქმედებები ქალაქ ლისიჩანცკის გარშემო მიმდინარეობს. თუმცა, ოფიციალური სამსახურები ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. 

კომენტარები