კრიზისი უკრაინაში

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ტერორისტების ბაზა გაანადგურეს

ria.ru

უკრაინელი ძალოვნები ტერორისტებისა და დივერსანტების წინააღმდეგ სპეცოპერაციას განაგრძობენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკიდან 30 კილომეტრში სამხედროებმა ტერორისტების ჯგუფი ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. უკრაინელ ძალოვნებს შორის რამდენიმე მებრძოლი დაიჭრა. დაკავებულია სამი ტერორისტი. სპეცოპერაცია შეტაკებას მოჰყვა, რომლის დროსაც ტერორისტთა თავდასხმის შედეგად რამდენიმე უკრაინელი მედესანტე დაიღუპა.

წარმატებული სპეცოპერაციის შესახებ რადას სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. მისი თქმით, ხელსუფლება ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს.

"წუხელ ღამით კრამატორსკის მახლობლად ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მთლიანად განადგურდა ტერორისტთა შენიღბული სამხედრო ბაზა. ასევე წუხელ ღამით განხორციელდა შეტევა ტერორისტების გამაგრებულ რაიონზე სლავიანკში, მთლიანად გაწმენდილია ხუთკილომეტრიანი ზონა ტელეანძის გარშემო", - თქვა ალექსანდრ ტურჩინოვმა.

კომენტარები