ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

UNM: საქმე გვაქვს ტოტალურ შეტევასთან სახელმწიფოს უსაფრთხოების საფუძვლებზე

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ აშკარაა „სახელმწიფოებრიობის საფუძვლების გეგმაზომიერი რღვევა", - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ჩამოთვლილია ის მოვლენები, რომლებიც, პარტიისვე აზრით, ადასტურებს, რომ მიმდინარეობს „ტოტალური შეტევა სახელმწიფოს უსაფრთხოების ფუნდამენტურ საფუძვლებზე".

ნაციონალური მოძრაობის აზრით, ამას ცხადყოფს, მათ შორის, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული პირებისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება, ოფიცრების გასამართლება, მუხროვანის ამბოხის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენები:

„ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „ქართულმა ოცნებამ" პოლიტპატიმრებად შერაცხა და ციხეებიდან გაათავისუფლა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული პირები, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები და რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) ოფიცრები. ასევე მალევე მოხდა რამდენიმე სპეცდანიშნულების რაზმის უბრალოდ დაშლა, გაყრა და გადაფორმატება.

დღევანდელმა მთავრობამ გაასამართლა რამდენიმე ღვაწლმოსილი ოფიცერი. ოფიცერ რომან შამათავას წინააღმდეგ მტკიცებულებად გამოყენებულ იქნა მარიონეტული რეჟიმის აწ გარდაცვლილი ლიდერის სერგეი ბაგაფშის ინტერვიუ. ოფიცერი შალვა თათუხაშვილი კი, პროკურატურის მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად, გარდაიცვალა.

ასევე გმირებად შერაცხეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იარაღით ხელში გამოსული - ამბოხებული პირები რომლებიც არც თავად უარუყოფენ ამბოხის ფაქტს. მუხროვანის ამბოხის საქმის ყოველ ეპიზოდზე აქტიურად გამოიყენება თვითმარქვია გენერლისა და რუსეთის ინტერესების ღად გამტარებლის ტრისტან წითელაშვილის ჩვენებები. ამდენად, მივიღეთ სიტუაცია, სადაც მთავრობა ებრძვის სამხედრო ამბოხის გამანეიტრალებელ ოფიცრებს და ახალისებს მეამბოხეებს", - მიაჩნიათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.

განცხადებაში საუბარია კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ოფიცერ ლევან ტაბიძის დაკავებაზეც: „ამ შემთხვევაშიც, უდიდესი ალბათობით, საქმე გვაქვს რუსულ დაკვეთასთან, რადგან მოდავედ გვევლინება ასევე პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტირებული ჯემალ ქარქუსოვი, რომელიც თავად გამოვიდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით და საჯაროდ განაცხადა იმის შესახებ, რომ საქართველოში აგენტად იყო შემოგზავნილი".

გარდა ამისა, ოპოზიციურ პარტიაში არ ამართლებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების მიერ კობა კობალაძის კანდიდატურის დაყენებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ის „ღიად აკრიტიკებს ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრს დაგვიანებული, მაგრამ სწორი ინიციატივის გამო, განლაგდეს NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები. კობალაძე ასევე დაკავშირებულია რუსეთის თვითმარქვია გენერალ ტრისტან წითელაშვილთან და იყო 2007 წელს კოდორში კვიციანის ამბოხის მხარდამჭერი".

ამასთან, ნაციონალური მოძრაობა საუბრობს კოდორის ხეობაში 2007 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილე სამხედრო პირების დაკითხვასა და იმ 35 დეპუტატზე, რომლებიც ემზარ კვიციანს დაუდგნენ თავდებად:

„კვიციანს თავდებში საპარლამენტო უმრავლესობის 35 წევრი დაუდგა, რომელთაგან უმრავლესობა სწორედ ანტიდასავლურად განწყობილ ბირთვს მიეკუთვნება, რომელსაც პარლამენტის ამჟამინდელი ფაქტიური თავმჯდომარე და კომპარტიის ცეკას ყოფილი ინსტრუქტორი (1984-1990წწ.) გიორგი ვოლსკი უდგას სათავეში.

სპეცრაზმელებისა და ოფიცრების დაკვითხვები და დევნა, გარდა მყისიერი და საშიში საფრთხისა, შეიცავს გრძელვადიან დამანგრეველ ეფექტს, იწვევს ამჟამად მოქმედი და მომავალი სამხედრო მოსამსახურეებისა თუ სპეცრაზმელების დაკომპლექსებას", - მიაჩნიათ ნაციონალურ მოძრაობაში.

პარტიას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიაჩნია ბიძინა ივანიშვილის მიერ გაზპრომის აქციების ერთი პროცენტის სავარაუდო კონტროლიც:

„აღსანიშნავია, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს არასდროს უთქვამს, რომ გაყიდა ეს წილი. ავტორიტეტულ გამოცემებში მოყვანილი აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება პირდაპირი საფრთხეა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და მოითხოვს მყისიერ რეაგირებას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები